დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა - წელს ეკონომიკა გაცილებით მაღალი ტემპით გაიზრდება, ვიდრე ჩვენ წინა პროგნოზებში გვქონდა ნავარაუდევი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური სტაბილურობის როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია.
„მოგეხსენებათ, რომ დღეს გამოქვეყნდა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც არის უპრეცედენტოდ მაღალი. კერძოდ, აპრილის თვეში დაფიქსირდა 44,8% ეკონომიკური ზრდა, თითქმის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის ნამდვილად უპრეცედენტო და ძალიან პოზიტიური. ასევე, მინდა გითხრათ, რომ იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა გამოვიდა 8%-ზე მეტი, რაც არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. ასევე, მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, წელს ეკონომიკა გაცილებით მაღალი ტემპით გაიზრდება, ვიდრე ჩვენ წინა პროგნოზებში გვქონდა ნავარაუდევი. დღეს ფინანსთა მინისტრი წარმოგვიდგენს მიმდინარე წლის და საშუალოვადიანი პერიოდის ეკონომიკური პროგნოზის მაჩვენებლებს - მნიშვნელოვანია, რომ განახლებული მაჩვენებლები გაცილებით უფრო პოზიტიურია. რამდენიმე მაგალითი მინდა მოვიყვანო: ექსპორტი აპრილში გაიზრდა 70%-ით, ფულადი გზავნილები გაიზარდა -144%-ით და ძალიან პოზიტიურია, რომ ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკა არის ასევე ძალიან დამაჯერებელი და ოპტიმისტური. ჩვენ ველოდებით ტურიზმის სწრაფ აღდგენას და ბუნებრივია, რომ ხვალიდან სახმელეთო საზღვრების გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ჩვენი ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია აღინიშნოს პოლიტიკური სტაბილურობის როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში. პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კერძო სექტორისთვისაც, ინვესტორების მოზიდვისთვის ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით ერთი თვის წინ განთავსებული ევრობონდები ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით, ინვესტორთა ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა და ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა და ეს ძალიან მოსალოცი ამბავია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.