რუსეთი მოსკოვი-მინსკის რეგულარული ავიარეისების რაოდენობას კვირაში 10-მდე ზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კრიზისულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ასევე განახლდება ყოველდღიური სარკინიგზო მომსახურება პოლოცკიდან და გომელიდან მოსკოვამდე.
”მიღებული იქნა გადაწყვეტილება 10 ივნისიდან ბელარუსთან ფრენების რაოდენობის კვირაში 10-მდე გაზრდასთან დაკავშირებით. 10 ივნისიდან ბელარუსთან ასევე აღდგება სარკინიგზო მიმოსვლა გომელ-მოსკოვისა და პოლოცკი-მოსკოვის მარშუტებზე ყოველდღე და ასევე გაიზრდება ვაგონების რაოდენობა „ლასტოჩკას“ მატარებლებზე, რომლებიც მოსკოვიდან მინსკში მიემგზავრებიან”, - აცხადებენ ცენტრში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ ორი ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროებს „საჰაერო მიმოსვლის ყველა ასპექტის ორგანიზება დაავალეს“.
შეგახსენებთ, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დასმაც მინსკში იძულებით განხორციელდა, ევროკავშირის ლიდერებმა ბელარუსული ავიაკომპანია Belavia-სთვის ევროპის აეროპორტების დაბლოკვისა და ევროკავშირის ქვეყნების თავზე ფრენის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. მათ ასევე მოუწოდეს ევროპულ გადამზიდავებს, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებისგან თავი შეიკავონ. რამდენიმე ქვეყანამ ბელარუსული გადამზიდავისთვის საკუთარი საჰაერო სივრცე უკვე დახურა. მათ შორისაა: გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, შვედეთი, ლატვია, უკრაინა, ჩეხეთი, ფინეთი, ლიეტუვა, პოლონეთი და სლოვაკეთი.