ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, დღეს, 11:00 საათის მდგომარეობით, 109 661 მსურველია დარეგისტრირებული.
მოქალაქეებს რეგისტრაციისას მაქსიმუმ სამი ვაქცინის არჩევის უფლება აქვთ.
მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 92 289-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.
„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 37 833 ადამიანმა გამოთქვა. 25 992 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს. 21 100 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 11 105 -მა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 7167-მა ადამიანმა გამოთქვა, 3556-მა კი „სინოვაკით“.
როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.