ტაქსების რეფორმა დასრულებული არ არის. იქნება შემდეგი ეტაპები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე საზოგადოება ინფორმაციას წინასწარ მიიღებს.
„ამ მიმართულებით რეფორმა დასრულებული არ არის. იქნება შემდეგი ეტაპები, რაზეც ინფორმაციას მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებასა და ტაქსის მძღოლებს, რათა ეს სერვისი და მიმართულება, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, იყოს გამართული და მოწესრიგებული. ავტომობილები იყოს სუფთა, რომ ადამიანს სიამოვნებდეს ტაქსით მგზავრობა დედაქალაქში. სწორედ ამიტომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს მომავალში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ტაქსების რეფორმა 2018 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა ფერისა და მანათობლის სტანდარტი. მანათობლები ტაქსის მძღოლებს უფასოდ დაურიგდათ, ფერის სტანდარტის დაკმაყოფილების მიზნით კი, მერიამ დააწესა უფასო ვაუჩერი. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებების მოსაწესრიგებლად მძღოლებს ქიმიური წმენდის უფასო ვაუჩერები გადაეცათ.