საკვები პროდუქტების უმსხვილესი კომპანია Nestle ჯანსაღი კვების სტრატეგიას განაახლებს. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება გუშინ გაავრცელა, რაც გაზეთ Financial Times-ის სკანდალურ მასალას მოყვა.
გაზეთი წერდა, რომ წლის დასაწყისში ტოპ-მენეჯერებმა სათითაოდ შიდა პრეზენტაციები გამართეს. მათი კვლევები ადასტურებდა, რომ Nestle-ს საკვები და სასმელი პროდუქტების ძირითადი პორტფელის 60%-ზე მეტი ჯანსაღად ვერ ჩაითვლებოდა. ეს შეფასება ეხება Nestle-ს მთლიანი პორტფელის თითქმის ნახევარს, მაგრამ ისეთი კატეგორიები, როგორიცაა სამედიცინო საკვები პროდუქტები, შინაური ცხოველების საკვები, ყავა და ბავშვის ნარევი საკვები საშუალებები ანალიზში არ შედიოდა.
Kepler Cheuvreux-ის ანალიტიკოსმა ჯონ კოქსმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ამ კატეგორიების კვლევაში შეტანა შეამცირებს ისეთი პროდუქციის წილს, რომელიც ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საზიანოდ მიიჩნევა. ასეთ მიმართულებად დასახელებულია საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინისა და პიცის ბიზნესი. კოქსი ვარაუდობს, რომ განახლებულ სტრატეგიაში Nestle-მ შესაძლოა, ძირითად საკონდიტრო ნაწარმზე უარი თქვას.
Nestle-ს მერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კვებისა და ჯანმრთელობის სფეროში სტრატეგიის განახლების „საერთოკორპორატიულ პროექტზე“ მუშაობს. ეს მთლიან პორტფელს შეეხება, რათა კომპანია დარწმუნდეს, რომ მისი პროდუქტები ადამიანების კვების მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.
Nestle-მ ბოლო 7 წელიწადში თავის პროდუქციაში შაქრისა და ნატრიუმის შემცველობა, დაახლოებით, 14-15%-ით შეამცირა. კომპანიაში ამბობენ, რომ თავიანთ პროდუქციას ჯანმრთელობისთვის კიდევ უფრო სასარგებლოს გახდიან.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ