მობილურ ინტერნეტს 3.3 მლნ, ხოლო ფიქსირებულს მილიონამდე აბონენტი იყენებს. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
„საქართველოში მობილური მომსახურების ბაზარზე პენეტრაცია კვლავ მაღალია და 148%-ს შეადგენს. მობილური აბონენტების რაოდენობამ 2020 წლის ბოლოს 5.1 მლნ შეადგინა. აღნიშნული მონაცემი იმაზე მიუთითებს, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი მობილური ნომერი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცის ბაზარზე არსებული ტარიფები და საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მომსახურებაზე მისთვის ხელსაყრელ ქსელს იყენებს. აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით ასე გადანაწილდა: „მაგთიკომი“ – 41%, „სილქნეტი“ - 33%, ხოლო „ბილაინი“ – 26%. 2020 წელს მობილურ მომსახურებაზე ყველაზე მეტს 9.9 ლარს „მაგთიკომის“ აბონენტები ხარჯავენ, „სილქნეტის“ აბონენტები - 9.3 ლარს, ხოლო ყველაზე ნაკლებს 6.1 ლარს „ბილაინის“ აბონენტები.
„მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება. 2016 წლიდან 2020 წლის ბოლომდე საშუალოდ მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 7.1% შეადგინა. 2020 წლის ბოლოსთვის, ინტერნეტ მომსახურებით მობილური ქსელის აბონენტების უკვე 3.3 მლნ სარგებლობს. მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით არის განპირობებული: საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო იზრდება მობილური ინტერნეტ ტექნოლოგიების მოხმარება, რაც მოსახლეობაში ციფრული უნარ-ჩვევების განვითარებითაა გამოწვეული. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდა თაობაში; გაზრდილია მოთხოვნილება ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის წვდომაზე; დინამიკაში მუდმივად იცვლება მობილური მომხმარებლის ქცევა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მოხმარების კუთხით; სულ უფრო მეტი მომსახურება გადადის ონლაინ/ციფრულ სივრცეში, რაც თავისთავად ხელს უწყობს მოხმარების ზრდას.
2020 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი მობილური ინტერნეტ მომხმარებელი 1.17 მლნ ოდენობით „სილქნეტს“ ჰყავდა, 1.08 მლნ - „მაგთიკომს“, ხოლო 1.00 მლნ მობილური ინტერნეტის აბონენტი „ბილაინს“. 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ჯამური გამავალი ხმოვანი ტრაფიკი 2.7%-ით გაიზარდა და 10.2 მლრდ წუთი შეადგინა. მობილური ოპერატორების ჭრილში, 2020 წლის IV კვარტლის მონაცემების მიხედვით, საშუალოდ თვეში ყველაზე მეტს „ბილაინის“ აბონენტები საუბრობენ, რაც კომპანიის მიერ შეთავაზებული შედარებით დაბალი ტარიფებითაა გამოწვეული, შემდეგ „სილქნეტის“ მომხმარებლები, ხოლო ყველაზე ცოტას - „მაგთიკომის“ აბონენტები საუბრობენ,“-აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, კომუნიკაციების კომისიის ცნობით, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება, როგორც აბონენტების რაოდენობით, ისე შემოსავლების კუთხით, მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
„2020 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს მიაღწია, კერძოდ, 998 ათასი აბონენტი შეადგინა. 2019 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 6.1%-ით, 57 ათასი აბონენტით გაიზარდა.
2020 წელს, გასული წლის მსგავსად, აბონენტების რაოდენობა უფრო მეტად რეგიონებში გაიზარდა. თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარი თითქმის სრულად გაჯერებულია. რაც შეეხება დიდ ქალაქებსა და სოფლებს, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ვითარდება, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობის 8.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა რეგიონებში, მაშინ, როცა თბილისში აბონენტების რაოდენობა 3.2%-ით გაიზარდა.
ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში ხელმისაწვდომია, ხოლო საქართველოში არსებული 3385 სოფლიდან ინტერნეტი 2193 სოფელშია ხელმისაწვდომი. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, ფართოზოლოვანი ინტერნეტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას კომისიასთან თანამშრომლობით კომპანია „ოუფენ ნეტი“, სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს. პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში განხორციელდება და ეტაპობრივად 1000-მდე სოფელს მოიცავს, ჯამში კი დამატებით ნახევარ მილიონ ადამიანს ექნება მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომა,“-ვკითხულობთ ანგარიშში.