„ენგურჰესის“ გამომუშავება რომ 2-ჯერ გავზარდოთ, კავკასიონი უნდა „გავხვრიტოთ“ - რას პასუხობს ჰესის დირექტორი ექსპერტებს

„ენგურჰესის“ გამომუშავება რომ 2-ჯერ გავზარდოთ, კავკასიონი უნდა გავხვრიტოთ და ჩრდილოეთ კავკასიიდან უნდა შემოვიყვანოთ ენგურის დარი მდინარე - ასე პასუხობს „ენგურჰესის“ გენერალური დირექტორი ექსპერტების მოსაზრებას ჰესის სიმძლავრეების შესაძლო გაზრდის ინიციატივასთან დაკავშირებით.

ამასთან, ლევან მებონია რეაბილიტაციის შემდეგ „ენგურჰესის“ მუშაობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით წელს ჰესში წყლის შემოდინება მეტია, რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა კი რესურსის ათვისების შესაძლებლობას იძლევა.

ცნობისათვის, საქართველოს ყველაზე დიდმა ჰიდროელექტროსადგურმა 2020 წლის მაისში 215.463 მლნ კვტ-სთ გამოიმუშავა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 87,2%-ით, 403.560 მლნ კვტ-სთ-მდე გაიზარდა. „ენგურჰესის“ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, 2021 წლის იანვარში დაიწყო. ჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში აუცილებელი და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით 2021 წლის 20 იანვარს გაჩერდა და 27 აპრილს ჩაირთო.

„ახლა ჰესში წყლის დიდი შემოდინებაა, რასაც შევხვდით გამართული მოწყობილობებით და გვაქვს მაქსიმალური დატვირთვა. აბსოლუტურად მომზადებული მოწყობილობებით შევხვდით. რაც შეეხება უშუალოდ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციას, იქ გვაქვს ძალიან ხელშესახები და კარგი შედეგი. გასულ წელთან შედარებით გვირაბიდან წყლის გაჟონვა 50%-ზე მეტითაა შემცირებული, რაც ფანტასტიკური შედეგია, თუმცა დიდ გამომუშავებასთან ამას კავშირი ნაკლები აქვს.

აქ ძირითადი ფაქტორია სხვა მოწყობილობების აღდგენა და კარგად ჩატარებული რემონტია, რამაც მოიტანა მაქსიმალური შედეგები, შემოსული წყლის ათვისების თვალსაზრისით. შარშან ნაკლები წყალი იყო, წელს წყალი მეტია და სარეაბილიტაციო სამუშაოები გვაძლევს შესაძლებლობას, ავითვისოთ ეს რესურსი.

რაც შეეხება უშუალოდ გვირაბს, 52%-იანი კლება გვაქვს გარეთ გამოჟონილი წყლის მოცულობის, რაც თავის მხრივ, წელიწადში დაახლოებით 90-100 მლნ კვტ-სთ ექვივალენტია, მაგრამ ეს მაინც წინასწარი ვარაუდია და ნაადრევია შეფასება“, - განაცხადა მებონიამ.

ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საჯარო სივრცეში ენერგეტიკასთან და ჰესებთან დაკავშირებული კომენტარებიც შეაფასა.

,,ძალიან ბევრ ექსპერტს ვხედავთ საჯარო სივრცეში, რომლებიც რბილად რომ ვთქვა, უცნაურ აზრებს გამოთქვამენ. ერთ-ერთმა ბრძანა, რომ სწორად ჩატარებული რეაბილიტაციის პირობებში ენგურჰესის გამომუშავება შეიძლება 2-ჯერ გაიზარდოს. სინამდვილეში, ნებისმიერი ელექტროსადგურის გამომუშავებას აფორმირებს 2 კომპონენტი - წყლის რაოდენობა, ასევე ტურბინასა და წყალსაცავს შორის სხვაობა. ენგურის გამომუშავება ორჯერ რომ გავზარდოთ, კაშხალს უნდა დავაშენოთ 326 მეტრი და იქ შეგუბებული წყალი მივა მესტიამდე. თუმცა, ეს ვერ მოხდება, რადგან ქედი არ არის იმ სიმაღლე და გადაიღვრება წყალი სხვა მდინარეებში. არის მეორე ,,შანსიც“, ენგურჰესის გამომუშავება რომ 2-ჯერ გავზარდოთ, კავკასიონი უნდა გავხვრიტოთ და ჩრდილოეთ კავკასიიდან უნდა შემოვიყვანოთ ენგურის დარი მდინარე“- განმარტავს ლევან მებონია.

თამარ მუკბანიანი