მსოფლიოში მეორადი ტანსაცმლის ბიზნესის ბუმია. კვლევების თანახმად, 2029 წლისთვის მოდური ტანსაცმლის გადაყიდვა 80 მლრდ დოლარს მიაღწევს მაშინ, როცა 2019 წელს 28 მლრდ დოლარს შეადგენდა. მომდევნო 10 წელიწადში სწრაფი მოდა 20%-ით, second-hand კი 180%-ით გაიზრდება. კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ მეორადი ტანსაცმლის ყიდვა ტაბუს აღარ წარმოადგენს და პირიქით, ახალგაზრდებში ტრენდულიცაა. მიზეზად ორი მთავარი ფაქტორი სახელდება: იაფია და ხრისხიანი ანუ ეკოლოგიურად სუფთა. ისეთი ცნობილ ბრენდები, როგორიცაა Burberry და Gucci, მჭიდროდ თანამშრომლობენ მეორადი ტანსაცმლის შემგროვებელ და გადამყიდველ კომპანიებთან. ასეთია კომპანია RealReal-იც. ცნობილ პლატფორმა Vestiaire Collective-ზე მომხმარებლებს შეუძლიათ, პირველი ხელისგან შეიძინონ მეორადი საქონელი ან თავადაც გამოფინონ გასაყიდად. 2019 წელს ამ სექტორის საბაზრო ღირებულება 2 მლრდ დოლარი იყო.
საფრანგეთში გასულ წელს მეორადი ტანსაცმლის ბიზნესის ბუმი დაფიქსირდა. სწორედ ამის გამო წამყვანმა ადგილობრივმა ჰიპერმარკეტების ქსელ Auchan-მა, მიმდინარე წლის დასაწყისში თავის მაღაზიებში second-hand-ის სექციები გახსნა. თუ მეორადი ტანსაცმელი წლის დასაწყისში Auchan-ის 5 მაღაზიაში იყიდებოდა, გაზაფხულიდან second-hand-ის სექციების რაოდენობა 120-მდე გაიზარდა. პროდუქციას Auchan-ის ქსელს ელექტრონული კომერციის პლატფორმა Patatam აწვდის. კომპანია Patatam-ს ფრანგულ რეგიონ ლანდის ქალაქ ჰასტინგესში 3500 კვ.მ-ის მეორადი ტანსაცმლის საწყობი აქვს.
როცა საშინაო ტექსტილისა და ტანსაცმლით მოვაჭრე კომპანია La Redoute-მა შეიტყო, რომ მისი მომხმარებლების ნახევარი მეორად საქონელს ირჩევს, ინტერნეტში მაშინვე პლატფორმა La Reboucle ჩაუშვა, სადაც როგორც თავის, ისე სხვა ბრენდის მეორად საქონელს ყიდის. პლატფორმაზე გამყიდველებს ნაღდი ფულის მიღების გარდა, La Reboucle-ისგან 25%-იანი ფასდაკლების ვაუჩერის მიღებაც შეუძლიათ.
პანდემიის დროს ექსპერტები ჰიგიენის მიზეზების გამო გამოცვლილი ტანსაცმლის ბიზნესის ჩავარდნას ვარაუდობდნენ, თუმცა მოხდა პირიქით. მეორადი ტანსაცმლის ონლაინ-პლატფორმა Vinted-ს საფრანგეთში 12,5 მლნ მომხმარებელი ჰყავს და პანდემიური წლის მარტიდან-მაისის პერიოდში მისი შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მიზეზი ისაა, რომ კრიზისის დროს ხალხი ცდილობს, საქონელი იაფად შეიძინოს და თავისი გარდერობიც ასე განაახლოს.
კვლევების თანახმად, მიმდინარე წელს, 2019 წელთან შედარებით, ინტერნეტით მეორადი ტანსაცმლის გადაყიდვა 69%-ით გაიზრდება მაშინ, როცა საცალო ვაჭრობის სხვა ფართო სექტორებში 15%-იან კლებას ელოდებიან. მაგალითად, 2019 წელს მოდური ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის სექტორთან შედარებით, მეორადი ტანსაცმლის გადაყიდვა 25-ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა. მოდის გიგანტები second-hand-ის პლატფორმებს სულ უფრო მეტად ყიდულობენ. H&M-ისთვის ასეთია Sellpy, ხოლო Zalando-ისთვის პლატფორმა Zirkle.
აღსანიშნავია, რომ ტანსაცმლის გარდა, მეორადი საქონლის გადაყიდვის ბიზნესი სხვა მიმართულებითაც ვითარდება. მაგალითად, მაისის დასაწყისში ავეჯის მაღაზიათა ქსელ Ikea-მ დიდ ბრიტანეთში ახალი სქემა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს საშუალება ეძლევა, მაღაზიაში ძველი ავეჯი დააბრუნოს და სანაცვლოდ 250 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ვაუჩერი მიიღოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ