საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია CITA-ს (ავტომობილების ინსპექტირების საერთაშორისო კომიტეტი) სრულუფლებიანი წევრი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, CITA-ს წევრები არიან ისეთი ბიზნეს-ორგანიზაციები როგორებიცაა: MAHA, BOSCH, ACTIA, COSBER, MUSTANG, CAPELEC, AUTOCOM, HELLA-GUTMANN, DEKRA, OPUS, TUV-NORD, TUV-RHEINLAND, TUV-SUED და სხვა. CITA თანამშრომლობს ევროკავშირთან და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან. სათავო ოფისი განთავსებულია ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში.
“CITA-ში სრულუფლებიანი წევრობა ასოციაციას საშუალებას აძლევს მჭიდრო, პირდაპირი კავშირი დაამყაროს სხვადასხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან და გაიზიაროს მათი გამოცდილება, გაეცნოს ახალ მეცნიერულ მიღწევებს, დაინახოს ახალი ბიზნეს-პერსპექტივები. CITA-ს მთავარი მიზანია საგზაო-სატრანსპორტო და ეკოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს დროული განვითარებისათვის. საშუალება მოგვეცემა დავხვეწოთ შემდეგი მიმართულებები: ტესტირების სტანდარტი, ინსპექტირების მეთოდი, საინფორმაციო ბაზის მენეჯმენტი, ხარისხის კონტროლი, აკრედიტაციის სისტემა, შეფასების კრიტერიუმი, საინფორმაციო სისტემის მართვა, პერსონალის პროფესიული ტრენინგი, ინსპექტორთა უფლებების დაცვა და ა.შ. სრულუფლებიანი წევრობა მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ ორგანიზაციაში, მნიშვნელოვანი წარმატებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და გარანტი, რომ სწორად და დროულად განვითარდება ტრანსპორტის სფერო, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება საქართველოს ევრო-ინტეგრაციის პროცესზეც." - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი.
საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ყველაზე მსხვილი გაერთიანებაა ინსპექტირების სფეროში (40-მდე წევრი) და ის ერთადერთია, რომლის ცენტრებიც წარმოდგენილია საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.