პირველად კავკასიაში Visa-ს რეგიონულ ოფისს ქართველი უხელმძღვანელებს. ორგანიზაციის მენეჯერად და უფროს დირექტორად დიანა კიღურაძე დაინიშნა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დიანა კიღურაძე ახალ პოზიციაზე, ფოკუსირდება ბიზნესში განხორციელებულ ელექტრონულ გადახდებზე, საქართველოსა და სომხეთში; პრიორიტეტული მიმართულებების შესასრულებლად - დიანა უფრო მეტად გაზრდის Visa-ს როლს ბანკებისთვის, მოვაჭრეებისა და ბარათების მფლობელებისათვის.
„ჩვენ, მოხარული ვართ მივესალმოთ დიანა კიღურაძეს, რომელიც კავკასიაში ახალი რეგიონული მენეჯერია. დიანა გამოირჩევა საქმისადმი ერთგულებით, პიროვნული ენთუზიაზმით და დარწმუნებული ვართ, რომ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს - Visa-ს გავლენის სფეროების სწრაფ გაფართოებასა და რეგიონში ჩვენი სტრატეგიული საქმიანობის წინსვლაში“ - განაცხადა Visa-ს უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინაში, საქართველოში, დსთ-ს ქვეყნებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში (CISSEE) ვერა პლატონოვამ.
დიანა კიღურაძე Visa-ს 2018 წელს შემოუერთდა, ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელ პოზიციაზე, რაც მოიცავდა სომხეთსა და საქართველოში წამყვანი კლიენტების მართვას. დიანა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კავკასიის რეგიონის სტრატეგიის შემუშავებაში, - მარკეტინგის, Fintech-ების, ციფრული გადახდების სისტემათა საკუთარი ენთუზიაზმით, ენერგიით და თავდაჯერებულობით განვითარების კუთხით. დიანა 15 წელზე მეტია რაც მუშაობს საცალო საბანკო, გაყიდვების, ბიზნეს განვითარების, ბარათების და ციფრული პროდუქტების მართვის მიმართულებით. Visa-ს გუნდთან შემოერთებამდე, დიანა მართავდა TBC ბანკის დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტს, ასევე გახლდათ და VTB ბანკის საბარათო განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. უფრო ადრეულ წლებში კი, მენეჯერულ პოზიციას იკავებდა TBC ბანკის ბარათებისა და დისტანციური სერვისების გაყიდვების და TBC Smart Club-ის მართვის მიმართულებით.
დიანა კიღურაძე, ახალ თანამდებობაზე ჩაანაცვლებს კრისტინა დოროშს, რომელმაც ახლახან დაასრულა კომპანია Visa-ში მუშაობის 5-წლიანი პერიოდი. მისმა პროფესიონალიზმმა და ეფექტურმა საქმიანობამ დამსახურებული აღიარება მოიპოვა და იგი ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის რეგიონის მენეჯერად და ვიცე-პრეზიდენტად გააგრძელებს საქმიანობას.
“მე მოხარული და მადლობელი ვარ, რომ ჩემი თანამშრომლობა Visa-სთან შესაძლებლობების ახალ ეტაპზე გადადის. ბოლო წლების განმავლობაში, ბიზნეს პარტნიორებთან, კლიენტებთან და მარეგულირებლებთან აქტიურად მუშაობის შედეგად, ამაყი ვარ, რომ Visa-ს როლი მეწინავეა ციფრული გადახდების მიმართულებით კავკასიაში. ახალ თანამდებობაზე, ჩემი პრიორიტეტია არსებული პოზიციების გაფართოება, რათა კიდევ უფრო მეტი ციფრული გადახდის პროდუქტი და ინოვაცია შევთავაზოთ რეგიონს“ - განაცხადა დიანა კიღურაძემ.