შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Labor Organization - ILO) მონაცემებით, მომავალ წელს მსოფლიო ეკონომიკას 23 მლნ სამუშაო ადგილი დააკლდება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები, რომლებიც ვაქცინაციით ჩამორჩებიან, ყველაზე მეტად დაზარალდებიან და უმუშევრობის „მდგრად და მკვეთრ ზრდას“ უნდა მოელოდნენ.
ILO შიშობს, რომ მათთვის, ვინც კოვიდპანდემიის შედეგად სამსახური დაკარგა, საკმარისი სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება. კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილების გლობალური დეფიციტი წელს 75 მილიონი, 2022 წელს კი 23 მილიონი იქნება.
„დასაქმების ზრდა მეტად სუსტი იქნება, რომ საკმარისი შესაძლებლობები გააჩინოს პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის,“ - ნათქვამია კვლევაში.
ჟენევაში ბაზირებული ამ საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, შეიქმნება უფრო დაბალი ხარისხის სამუშაო ადგილები და ეს დიდი პრობლემა იქნება იმ ღარიბი ქვეყნებისთვის, რომლებსაც არაფორმალური ეკონომიკა აქვთ.
„კრიზისი მომდევნო წლების განმავლობაში გაამწვავებს უთანასწორობას როგორც ქვეყნებში, ისე ქვეყნებს შორის, ეს კი საერთაშორისო დონეზე დამატებითი ეკონომიკური და სოციალური ტრამვების რისკს ქმნის, რაც სიღარიბის ნელ და არათანაბარ შემცირებაში იქნება გამოხატული,“ - წერია დასკვნაში.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ