სწავლა ფასდაუდებელი შესაძლებლობაა, გამოსცადო საკუთარი თავი - ოთარ ანთია, Chevening-ის სტიპენდიანტი

როდესაც საქართველოს ბანკისა და Chevening-ის სტიპენდიანტმა, ოთარ ანთიამ ედინბურგის უნივერსიტეტში პირველად შეაბიჯა, მისი მრავალი ემოცია ერთმანეთში აირია - „იყო კმაყოფილების განცდა, რადგან ვხვდებოდი, გაწეულმა ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო და ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი გრძელვადიან მიზანს; მას თან ახლდა ღელვაც, რომელიც ახალ და ძალიან კონკურენტულ გარემოში თავის დამკვიდრებასთან იყო დაკავშირებული; და რა თქმა უნდა, იყო ახალი შესაძლებლობების გამოჩენით გამოწვეული დიდი სიხარული“.

როგორც ის გვიამბობს, მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები მის ინტერესის სფეროს დიდი ხანია წარმოადგენს - „ვხედავდი უზარმაზარ, აუთვისებელ პოტენციალს მწვანე პრაქტიკების მიმართულებით, განსაკუთრებით საქართველოს კონტექსტში, და ვაანალიზებდი დიდ პოტენციალს ალტერნატიული ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით.“

სწორედ ეს გახდა მიზეზი, რამაც ოთარს საზღვარგარეთ წასვლა და აღნიშნული მიმართულებით განათლების მიღება გადააწყვეტინა.

“Chevening-ის სტიპენდიამ უნიკალური შესაძლებლობა მომცა სწავლა ედინბურგის უნივერსიტეტში, კარბონის ფინანსების მიმართულებით გამეგრძელებინა. მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში სწავლა ფასდაუდებელი შესაძლებლობაა გამოსცადო საკუთარი თავი და შესაძლებლობები კონკურენტულ გარემოში”,- ამბობს ოთარი.

კარბონის ფინანსები შედარებით ახალი სპეციალიზაციაა. ის თანამედროვე გამოწვევებთანაა დაკავშირებულია და მდგრადი განვითარების პრაქტიკების რეალურ ცხოვრებაში დანერგვის შესაძლებლობას იძლევა. „კარბონის ფინანსების სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს კარბონის ბაზრები და კრედიტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს“,-განმარტავს ოთარი. „პროგრამა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორიცაა: არაკონვენციური დაფინანსების წყაროების გამოვლენა, მწვანე ბონდებისა და სხვა ინოვაციური მექანიზმების გამოყენება კომერციულად მიმზიდველი პროექტების დასაფინანსებლად, განახლებადი ენერგიების და მწვანე წარმოების განვითარება“.

ოთარი აღნიშნავს, რომ პროგრამამ მოლოდინებს გადააჭარბა, ამ ყველაფერში კი დიდი როლი მისმა ლექტორებმა და ზედმიწევნით კარგად დაგეგმილმა აკადემიურმა პროცესმა ითამაშა - „ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა მეძლევა, ვცდილობ სტუდენტები დავარწმუნო, რომ საზღვარგარეთ სწავლა არის პროფესიული და პერსონალური განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ლექციებს აღნიშნული დარგის მსოფლიო დონის ექსპერტები და მკვლევარები გვიკითხავდნენ, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ თითოეულ ჩვენგანს მიეღო ამომწურავი ცოდნა რათა საკვანძო საკითხებთან მიმართებაში ჩვენი ხედვა გვქონოდა“.

გარდა თეორიული ცოდნისა, ოთარი ხაზს უსვამს საზღვარგარეთ შეძენილი კავშირების მნიშვნელობასაც - „მიღებული სიღრმისეული ცოდნა ახალი იდეების გენერირებაში და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სწორად განსაზღვრაში მეხმარება. თუმცა გარდა უშუალოდ თეორიული ცოდნისა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქ შეძენილი კონტაქტებია ჯგუფელების და ლექტორების სახით. სასიხარულოა, რომ სწავლის დასრულებიდან 2 წლის შემდეგაც, აქტიურად განვაგრძობთ კომუნიკაციას და ხშირად ეს ყოველდღიური კომუნიკაცია ახალი პროექტების წამოწყების საწინდარიც ხდება“, - განმარტავს ის და დასძენს, რომ სამომავლოდ დიდი სურვილი აქვს, კიდევ უფრო გაიღრმავოს ამ მიმართულებით ცოდნა, რის შემდეგადაც რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად საკონსულტაციო მიმართულებით პროექტების განხორციელებას გეგმავს. მისი მიზანი ქართული ორგანიზაციებისთვის მდგრადი განვითარების პრაქტიკების მარტივად და უმტკივნეულოდ დანერგვაში დახმარების გაწევაა.

რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენა იქონია საზღვარგარეთ მიღებულმა გამოცდილებამ მის ინტერესებსა და გეგმებზე, ოთარი გვპასუხობს, რომ პროგრამა საკუთარი ინტერესების კიდევ უფრო კონკრეტიზაციაში დაეხმარა - „თუ აქამდე სხვადასხვა მიმართულებებით ვიყავი დაინტერესებული, ახლა ჩემს ფოკუსის არეალს მწვანე ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს; აქტიურად ვცდილობ ედინბურგში მიღებული ცოდნის საქართველოში გამოყენებას - ამჟამად მდგრადი განვითარებისა და მწვანე ფინანსების მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში ვარ ჩართული, რასაც შემდეგში უფრო აქტიური ნაბიჯები მოჰყვება მწვანე კაპიტალის მობილიზების თვალსაზრისით. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ პირველი საუნივერსიტეტო დონის კურიკულუმის მომზადებაზე, რათა უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდეს ამ სპეციფიკური ცოდნის აკადემიურ სივრცეში დამკვიდრება“.

რაც შეეხება ოთარის განათლებასა და გამოცდილებას, მან 2010 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია - ის სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებში, მათ შორის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. ოთარი აქტიურად იყო ჩართული ისეთ საკითხებზში, როგორიცაა ქვეყანაში მწვანე ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ქვეყანაში არსებული მწვანე ტრანსპორტის შესაძლებლობების გამოვლენა და ა.შ. ამჟამად ის მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტს უწევს კოორდინატორობას, პარალელურად კი კავკასიის უნივერისტეტის ლექტორობასაც ითავსებს.

ინფორმაციიისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთერთი მთავარი და უცვლელი პრიორიტეტია. ბანკი აქტიურად განაგრძობს ისეთი სასტიპენდიო პროგრამების განხორციელებას, როგორიცაა: Miami Ad School Europe, Chevening, Fulbright, რათა რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს სასურველ ადგილას, მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობა. დამატებითი დეტალები საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერსებული სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ბმულზე: https://csr.ge/ka

(R)