რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობარი ნატო ჭოტაშვილი დედოფლისწყაროელ დავით შეითნიშვილს ცოლად რომ გაჰყვა, გავოცდი, ქალაქელი გოგო რაიონში როგორ გაძლებს-მეთქი? მით უფრო, რომ თბილისში დაბადებულსა და გაზრდილს, ინგლისური ენის პედაგოგსა და ფსიქოლოგს სამსახურიც კარგი ჰქონდა, სამეგობრო წრეც კარგი ჰყავდა და ვერაფრით წარმომედგინა, ასე, ყველასგან შორს როგორ უნდა ეცხოვრა. ალბათ, დედოფლისწყარო აზერბაიჯანის საზღვართან რომ იყო, თბილისიდან ძალიან მეშორებოდა, მაგრამ... სიყვარულს რას გაუგებო, ტყუილად არ ათქმევინა სულმნათმა ნოდარ დუმბაძემ თავის ილარიონს... აბა, იმას წარმოვიდგენდი, ამ ჩემს მეგობარს თავისი მეუღლე ფერმერ ქალბატონად რომ აქცევდა?! საბოლოოდ, აღარც დედოფლისწყარო მეშორება და იქაურობა, ხომ, მართლაც ზღაპარია, ჩემი სიძე კიდევ ისეთი ხელმარჯვე გამომგონებელი აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობართან და ორ ცუგრუმელა გოგონასთან ერთად დედოფლისწყაროს ცენტრში, საკუთარი სახლის ეზოში ცხოველთა ფერმა მოიწყეს. ყველაფერი კი მწყრებით დაიწყო, უფრო ზუსტად - იმ ცუგრუმელა გოგონებით...
ნატო ჭოტაშვილი:
- მარიამი რვა წლისაა, თეკლა - ხუთის. რომ დაიბადნენ, თავიდანვე შევატყვე, ძალიან ალერგიულები იყვნენ, განსაკუთრებით - საკვებზე, რაც მე და დათოს დიდ პრობლემებს გვიქმნიდა. დღეს რა შედარებაა, უკვე საკმაოდ გავაკაჟეთ, მაგრამ მაშინ ძალიან ვნერვიულობდი. ახლობელმა მირჩია, მწყრის კვერცხი აჭამე, საერთოდ არ იწვევს ალერგიასო. ინტერნეტით მოვიძიეთ ინფორმაციები და როდესაც მწყრის კვერცხის სიკეთეში დავრწმუნდით, შინ კი ეზო გვქონდა, გადავწყვიტეთ, თავად მოგვეშენებინა.
- მაინც რა ჯადოსნურ სიკეთეს ატარებს მწყერი და მისი კვერცხი (რომელიც მეც ვიგემე ამ სააღდგომოდ), რატომ არის, ვთქვათ, ქათმის კვერცხზე სასარგებლო?
- მართალია, მწყრის კვერცხი ქათმის კვერცხზე პატარაა და მისი წონა 11, 15, ზოგჯერ კი - 18-19-გრამია, აღმოჩნდა, რომ მაინც უფრო მეტად სასარგებლოა. იაპონიაში საგანგებო კანონიც კი შემოიღეს, სკოლებში მოსწავლეებმა დღეში ორი ცალი მწყრის კვერცხი რომ მიირთვან. მოკლედ, მწყრის მოშენება გადავწყვიტეთ და 3 წლის წინ, ზაფხულში, საინკუბაციო კვერცხებიც შევიძინეთ და ჩავდეთ ინკუბატორში, რომელიც ჩემმა მეუღლემ საკუთარი ხელით მოაწყო. ზოგადად, ჩემი მეუღლე ძალიან ხელმარჯვეა და მწყრების გალიებიც თვითონ გააკეთა (სხვათა შორის - კურდღლებისაც - ი.ხ.). პირველივე შედეგი საკმაოდ კარგი აღმოჩნდა - 300 კვერცხიდან 70% გამოიჩეკა. ინკუბატორს პატარა გამოჭრილი საჰაეროები აქვს და მახსოვს, პირველად რომ იჩეკებოდნენ, თავზე ვადექი და ვაკვირდებოდი, ნისკარტი როგორ გამოჰყო, მერე - თავი და ა.შ. ზოგიერთი ნეკის ხელაც არ იყო და ვფიქრობდი, ამათგან რა უნდა გამოვიდეს-მეთქი. არადა, როგორც კი გაშრნენ, მაშინვე სირბილი დაიწყეს. ისეთი სწრაფები არიან, ხელში ვერ მოიგდებ.
- ვიცი, მწყრის სხვადასხვა ჯიში არსებობს. თქვენ რა ჯიში მოაშენეთ?
- სამი ჯიშის მწყერი მოვაშენეთ - ტეხასური, ფარაონი და მაჟორული. ტეხასური არის მეხორცული - კვერცხს დებს და მეტს იწონის, ფარაონი და მაჟორული კი - მეხორცული-მეკვერცხულია ანუ დიდიც არის და კვერცხსაც ბევრად მეტს დებს. სხვათა შორის, გემოთიც განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგალითად, ისევე, როგორც სოფლის ქათამი განსხვავდება ბროილერის ქათმისგან - ტეხასურს აქვს თეთრი, ქათქათა ხორცი და უფრო ბროილერისას წააგავს, ხოლო ფარაონსა და მაჟორულს ხორციც უფრო მუქი აქვს - სოფლისას ჰგავს. ყველა კარგია, მაგრამ მე ეს უკანასკნელი უფრო მეგემრიელება, სასარგებლო თვისებები კი ყველას თანაბრად აქვს.
მწყრისთვის თავადვე ვამზადებთ საკვებს, საამისოდ მინიფერმაში მინიაგრეგატიც გვაქვს და მისი წყალობით მწყერს ჯანსაღად ვკვებავთ. ამიტომ მათგანაც ჯანსაღ პროდუქტს ვიღებთ - ხორბალი, რომელსაც ვიყენებთ, ჩვენივე ნაკვეთშია მოწეული, ქერი და სიმინდი ჩემი უახლოესი მეგობრის ნაკვეთისაა და ზუსტად ვიცი, რომ არც ჰიბრიდულია და არც გენმოდიფიცირებული.
ფერმაში არ ვიყენებთ პრემიქს, უფრო სწორად, პრემიქს ვაძლევთ მხოლოდ მწყრებს და ისიც - მკაცრად განსაზღვრულად, 14 დღის ასაკამდე. ვიტამინებს მწვანე მასის სახით იღებენ - ძალიან უყვართ ჭინჭარი და ჭარხლის ფოთოლი. ზამთრისთვის მოგროვილი გვაქვს და დიდი ოდენობით ვაშრობთ ჭინჭარს, ბაბუაწვერასა და იონჯას, შემდეგ კი საკვებთან ერთად ვაწვდით. არასდროს ვიყენებთ სოიოს შროტს, რომელიც, სავარაუდოდ, გენმოდიფიცირებული სოიოსაგან უნდა იყოს მიღებული. შეიძლება ვინმემ შენიშვნა მომცეს, მწყერს დიდი რაოდენობით პროტეინები სჭირდება და, აბა, სოიოს გარეშე როგორ იქნებაო? მაგრამ მათ ვეტყვი, რომ ჩვენს მწყრებს პროტეინებზე მოთხოვნას მზესუმზირის შროტით ანუ კოპტონით ვუკმაყოფილებთ და მას კი ჩემი მეგობრისაგან ვყიდულობ და ზუსტად ვიცი, სად ჰქონდა დათესილი და გენმოდიფიცირებული და ჰიბრიდული რომ არ არის. იხილეთ სრულად