აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ უფრო გაზარდა იმ ჩინური კომპანიების ჩამონათვალი, რომელშიც ამერიკული ინვესტიციის განხორციელება იკრძალება. მედიის ინფორმაციით, ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს 59 კომპანიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფასიანი ქაღალდის ფლობას ან ვაჭრობას უკრძალავს. თავდაპირველი ბრძანება, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნოემბერში მოაწერა, 31 ჩინურ კომპანიას ეხებოდა, რომლებიც, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ხელს უწყობდნენ ჩინეთის სამხედრო ძალების განვითარებასა და მოდერნიზაციას და პირდაპირ ემუქრებოდნენ აშშ-ის უსაფრთხოებას.
ბევრი კომპანია, რომლებიც ტრამპის სიაში იყო, მათ შორის სმარტფონების მწარმოებელი Huawei და ვიდეოსამეთვალყურეო აღჭურვილობის მსხვილი მწარმოებელი და მომწოდებელი Hikvision, ახალ სიაშიც რჩება.
თეთრი სახლის განმარტებით, ჩამონათვალის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება გამოწვეულია "უჩვეულო და საგანგებო საფრთხეებით", რომელსაც ჩინეთის ვიდეოსამეთვალყურეო ტექნოლოგია ქმნის.
„ეს გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებს, მიზანმიმართულად აკრძალოს აშშ-ის ინვესტიციების განხორციელება ჩინურ კომპანიებში, რომლებიც ძირს უთხრიან შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებას ან დემოკრატიულ ღირებულებებს,“- აცხადებენ თეთრ სახლში.
ჯო ბაიდენის განკარგულება 2 აგვისტოდან შედის ძალაში.