საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, სექტორში არსებული პრობლემები განიხილეს, რომელთა უმრავლესობა პანდემიის ფონზე განსაკუთრებით გამწვავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ასოციაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანიები ვერ სარგებლობენ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის #619 განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებებით, რაც სამშენებლო მასალებზე ფასების გაზრდის შედეგად ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებზე ნეგატიურად აისახა.
მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გამოიკვეთა ის ძირითადი პრობლემები, რომელთა მოგვარებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიები ბიზნეს ასოციაციებთან ერთად უახლოეს პერიოდში მოამზადებენ და ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროებს წარუდგენენ.
"დღეს ბიზნესოპერატორებს საქმიანობის პრაქტიკულად შეჩერება უწევთ იმ წნეხის გამო, რაც მსოფლიო ბაზრებზე კოვიდპანდემიის შექმნილი მდგომარეობის შედეგად სამშენებლო მასალების ფასებთან დაკავშირებით შეიქმნა. საჭიროა სწრაფი და ეფექტიანი მოქმედება, რათა კომპანიები არ გაკოტრდნენ და ათასობით სამუშაო ადგილი არ დაიკარგოს. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიებისათვის იმ შეპირების განხორციელება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ პანდემიის საწყის ეტაპზე გასცა, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ჩვენი მხრივ, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გააგრძელებს მუშაობას პრობლემაზე და უახლოეს მომავალში კონკრეტული მექანიზმებს წარუდგენს შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებს", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.