დანიის პარლამენტმა მიგრანტების მიღებასთან დაკავშირებით საკმაოდ უცნაური კანონი მიიღო, რომელსაც საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა.
ახალი კანონის მიხედვით, პირებს, რომლებსაც დანიაში თავშესაფრის მიღება სურთ, დროებით სხვა ქვეყანაში გაიყვანენ. ისინი მე-3 ქვეყანაში იქამდე დარჩებიან, სანამ მათ აპლიკაციას არ განიხილავენ და საბოლოო პასუხს არ მიიღებენ - მისცემენ დანიაში ცხოვრების უფლებას, თუ უკან, სამშობლოში დააბრუნებენ.
კანონს მხარი დანიის პარლამენტის 70-მა დეპუტატმა დაუჭირა, 24 კი წინააღმდეგ წავიდა.
კანონის მიხედვით, დანიიდან თავშესაფრის მაძიებლებს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში გაიყვანენ. ამჟამად მოლაპარაკებები აფრიკის ქვეყნებთან - ეთიოპიასთან, ეგვიპტესთან და რუანდასთან მიმდინარეოს. მათი თანხმობის შემთხვევაში, კი თავშესაფრის მაძიებელთა გადაყვანა უახლოეს მომავალში დაიწყება.
BBC-ის ინფორმაციით, მიგრანტების მე-3 ქვეყანაში გაყვანის, მათთვის საცხოვრებლის გამოყოფის, კვებისა და სხვა ყველა საჭირო ხარჯებს დანია დაფარავს.
აღსანიშნავია, რომ დანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ევროკომისია და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები გააკვირვა. ისინი აცხადებენ, რომ ეს დანიის მხრიდან უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დანიას ბრალი პასუხისმგებლობიდან თავის არიდებაში დასდო.
როგორც წესი, თავშესაფრის მიღების პროცესი რამდენიმე თვიდან წლებამდეც შეიძლება გაგრძელდეს და შესაძლოა თავშესაფრის მაძიებლებს აფრიკის ქვეყნებში ცხოვრება საკმაოდ დიდხანს მოუწიოთ.