იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს, 2022 წლის პირველი თებერვლიდან ამოქმედდება.
ოხანაშვილის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტის 2022 წელს ამოქმედება პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით იქნა მიზანშეწონილად მიჩნეული.
„პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას რაც შეეხება, იცით, რომ ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც მივიღეთ, ამიტომ ჩვენ გადავხედეთ ამ კანონპროექტის ამოქმედების ვადას და ეს კანონპროექტები ამოქმედდება არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ 2022 წლის პირველი თებერვლიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავითვალისწინეთ პოლიტიკური კონტექსტი, გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და მიგვაჩნია, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტისა თუ შეჩერების საკითხი მიზანშეწონილია ამოქმედდეს 2022 წლიდან.
დღეს პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, მაშინ როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ახორციელებენ საპარლამენტო საქმიანობას და შეწყვიტეს პოლიტიკური საბოტაჟი და ასევე სხვა პარტიებსაც, ვინც დარჩნენ ამ რეჟიმში, ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება, ეს პოზიცია შეცვალონ და ჩადგნენ დემოკრატიის პრინციპის ფარგლებში,“- განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დაუბრუნდა, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.
ამ მიმართულებით "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში, "საარჩევნო კოდექსში" და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით, მხარი დაუჭირა.