დიდი შვიდეულის ფინანსური სისტემების შესაძლებლობები პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკების აღდგენის შემდეგ, უნდა მიემართოს გლობალური დათბობის პრობლემებისკენ და უთანასწორობის აღმოფხვრისკენ. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელინმა ლონდონში გამართული დიდი შვიდეულის სამიტის დროს განაცხადა.
„ჩვენი ყველაზე გადაუდებელი დავალება, ეს არის დავასრულოთ პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი. ბიუჯეტურ პოლიტიკას აქვს მნიშვნელოვანი როლი კრიზის გადაჭრაში და აღდგენაში. შვიდეულის ჯგუფის ეკონომიკებს გააჩნიათ ფისკალური სივრცე, რათა დააჩქარონ აღდგენის პროცესი, ისე რომ, მიაღწიონ არამხოლოდ კრიზისამდელ მშპ-ს, არამედ კრიზისამდელ ზრდის ტემპებს“ - აცხადებს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, აშშ პირველი იქნება დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის, რომელიც დაუბრუნდება კრიზისამდელ მაჩვენებელს.
იელინმა მოუწოდა ჯგუფის წევრებს დამატებითი ზომების მიღებისკენ.
„აუცილებელია არამხოლოდ ბოლო მოვუღოთ პანდემიას, არამედ გამოვიყენოთ ბიუჯეტური პოლიტიკა თაობების პრობლემების ინვესტირებაში, მაგალითად, კლიმატის ცვლილებისა და უთანასწორობის გამოსასწორებლად“, - განაცხადა მან.
იელინის თქმით, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების შუამავლობით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მდგრად და ეკოლოგიის აღდგენის პასუხისმგებლიან მოთხოვნებს.