ტურიზმის ეროვნული ადმინისტარციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის მაისში საქართველოს 104 755 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. აქედან 96 502 ვიზიტი ტურისტული დანიშნულების იყო. ანუ გამოდის, რომ ტურისტული მიზნით მაისში საქართველოს 96 502 ვიზიტორი ეწვია, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92.1%-ით მეტია. მოცემული შთამბეჭდავი ზრდა ლოგიკურია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინა წლის მაისში ქვეყანა, ფაქტობრივად, მთლიანად ჩაკეტილი იყო.
სურათის უფრო ნათლად დასანახად, 2021 წლის მაისის სტატისტიკა 2019 წლის სტატისტიკას უნდა შევადაროთ, სადაც მონაცემები გვიჩვენებს, რომ ტურისტული ვიზიტები 77.3%-ით არის შემცირებული. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2019 წელს ტურისტული ვიზიტის მიზნით 424 514 ვიზიტორი ეწვია.
მიმდინარე წლის მაისში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოს თურქეთდან ეწვია, კერძოდ, 21 855 ადამიანი. შემდეგ მოდის უკრაინა 11 533 ვიზიტორით, ისრაელი 11 244 ვიზიტორით და რუსეთი, საიდანაც მაისში 10 818 ვიზიტორი შემოვიდა.