800%-ით გაზრდილი გაყიდვები და მზადება საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად - „ჭკვიანი თხილის“ პანდემიური წელი

კომპანია „ჭკვიანი თხილი“ მცირე ქართული საწარმოა, რომელიც ადგილობრივი ნედლეულისგან 5 სახეობის თხილის პასტას აწარმოებს. არაქისის, თხილის, ნუშის, პეკანის ნიგვზისა და გოგრის თესლისგან დამზადებული პასტების ონლაინ-გაყიდვები გასულ წელს, დაახლოებით, 800% -მდე გაიზარდა. ინფორმაციას პორტალი EastFruit ავრცელებს. კომპანიის მთავარი სარეალიზაციო ხაზი სწორედ ინტერნეტ-არხებია.

პასტების დასამზადებლად მხოლოდ ადგილობრივ პროდუქციას იყენებენ: არაქისი და ნუში კახეთიდანაა, თხილი - სამეგრელოდან, გოგრის თესლი - იმერეთიდან, პეკანის ნიგოზი კი- გურიიდან. კომპანიაში ბაზარზე ფისტის გამოჩენას ელოდებიან, რასაც უახლოეს წლებში პროგნოზირებენ და „ჭკვიანი თხილის“ 5 სახეობის ასორტიმენტს ფისტის პასტაც დაემატება. აღსანიშნავია, რომ კომპანია ასორტიმენტს წლიდან წლამდე ზრდის. მაგალითად, გოგრის თესლის პასტა წლევანდელ, ხოლო პეკანის ნიგვზის პასტა გასული წლის სიახლეს წარმოადგენს.

მომხმარებელში დადებითი ემოციის აღსაძვრელად თითოეული პროდუქტის სახელწოდებაში გამოყენებულია სიტყვა „ჭკვიანი“ (ჭკვიანი ნუში, ჭკვიანი არაქისი).

„ჭკვიანი თხილი“ აქცენტს უფრო ექსპორტზე აკეთებს, რადგან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქართველი მომხმარებლისთვის თხილის სახეობის პასტები არატრადიციული პროდუქტია. საქართველოში მის მიზნობრივ ჯგუფს, ძირითადად, ის ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებიც სამოგზაუროდ თუ სასწავლებლად უცხოეთში არიან ნამყოფი. „ჭკვიანმა თხილმა“ საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად ინგლისურენოვანი ვებ-გვერდიც შექმნა და მასზე დადებულ ინფორმაციებში პროდუქციის ჯანსაღ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, რადგან პროდუქცია არანაირ ხელოვნურ დანამატს არ შეიცავს.

მართალია, პროდუქცია ექსპორტზე ჯერ არ გასულა, მაგრამ კომპანიას რამდენიმე ქვეყანაში მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. მაგალითად, ისრაელში წარმომადგენლობაც გახსნა და წელს ექსპორტის დაწყებას ელოდება. „ჭკვიან თხილს“ თვეში 10 ტონა თხილის პასტის წარმოება შეუძლია, რაც საექსპორტო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისია.

„ჩურჩხელასა და თაფლში გამოყენების გარდა, თხილის ათვისება სხვა საშუალებითაც არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, საქართველოში თხილის გადამუშავების სექტორი საკმარისად განვითარებული არაა მაშინ, როცა ქვეყანა მსოფლიოში თხილის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია,“ - განუცხადა EastFruit-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა, ნინო ანდრიაძემ.

როგორც ცნობილია, ახლახან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო განყოფილების ეკონომისტმა ანდრი იარმაკიმ განაცხადა, რომ მზარდი გლობალური კონკურენციის საფრთხეებს საქართველო თხილისგან დამზადებული პროდუქტებით უნდა ებრძოლოს ანუ პროდუქტებში გამოყენებულ თხილს დამატებითი ღირებულება მიენიჭოს და ასევე, უნდა განვითარდეს თხილის გადამუშავება. ამის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ექსპერტმა ქართული ჩურჩხელა დაასახელა.

კომპანია „ჭკვიანი თხილი“ 2017 წელს დაფუძნდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ