Amazon გერმანიის საწყობებში დასაქმებულებს საათში 12 ევროს (15 დოლარს) გადაუხდის. კომპანიამ განცხადება პარასკევს, წამყვან პროფკავშირ Verdi-სთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გაავრცელა.
შეერთებული შტატების შემდეგ, გერმანია Amazon-ის ყველაზე დიდი ბაზარია, ხოლო პროფკავშირი Verdi 2013 წლიდან დაბალი ანაზღაურებისა და ცუდი პირობების გასაპროტესტებლად Amazon-ში გაფიცვებს უწევს ორგანიზებას.
ანაზღაურების ზრდა ძალაში ივლისიდან შევა და საწყისი დონე საათში, მინიმუმ, 11,30 ევრო იქნება, თუმცა სხვა ადგილებში 12 ევროსაც გადააჭარბებს.
Amazon-ის ხელფასი გერმანიის ამჟამინდელ მინიმალურ ხელფასს, საათში 9.50 ევროს აღემატება. მაგრამ მუშები რეგულარულად მაინც იფიცებოდნენ. მაგალითად, შარშან ისინი უკმაყოფილო იყვნენ, რომ კორონავირუსის ბონუსი გაუქმდა.
Verdi-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ეს ხელფასის მინიმალური ზრდაა და კომპანიას უფრო მეტის გაკეთება შეეძლო "ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ სოლიდური ფულის შოვნის" შემდეგ. გაზრდილი ხელფასი ბევრი თანამშრომლის მოთხოვნილებას ჯერ კიდევ არ აკმაყოფილებს.
Amazon-ის სუფთა მოგება პირველ კვარტალში 8,1 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის 2.5 მილიარდი დოლარის მოგებაზე სამჯერ მეტია. კომპანია პირობებისა და ანაზღაურების გამო მსგავსი კრიტიკის წინაშე მთელ მსოფლიოში აღმოჩნდა.
გერმანიაში Amazon- ის სპიკერმა განაცხადა, რომ ანაზღაურება ყველა თანამშრომელს გაეზრდება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ