იტალიაში, ტირენის ზღვაში, რომიდან ნეაპოლისკენ მიმავალი გზის მახლობლად მდებარეობს პატარა ვულკანური კუნძული სანტო სტეფანო, სადაც 59 წლის წინ ციხე იყო. აქ პატიმრები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ხვდებოდნენ. მათ შორის იყვნენ, კრიმინალები, ყაჩაღები, მკვლელები და მოძალადეები.
ციხე 1797 წელს გაიხსნა და მას სულ 99 საკანი ჰქონდა. კუნძულზე პატიმრები მკაცრად კონტროლდებოდნენ. იტალიაში ფაშისტების მმართველობის დროს აქ პოლიტიკურ დისიდენტებსაც ამწყვდევდნენ. მათ შორის იყო, ალესანდრო პერტინი, რომელიც შემდეგ იტალიის პრეზიდენტი გახდა.
დროთა განმავლობაში ციხემ ფუნქცია დაკარგა და საბოლოდ დაიხურა. ამჟამად კუნძულზე რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს და ის ყველასგან მივიწყებულია.
ცოტა ხნის წინ იტალიის მთავრობამ მიზნად დაისახა კუნძულის სრული რეაბილიტაცია და უფუნქციოდ დარჩენილი ადგილის ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ობიექტად გადაქცევა.
გეგმის მიხედვით, ყოფილი საპატიმროს ტერიტორიაზე მუზეუმი მოეწყობა. კუნძულის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, თუ როგორი იყო აქ პატიმრების ყოველდღიურობა და მათი საცხოვრებელი პირობები. ამასთან, ისინი შეძლებენ მოისმინონ ყველაზე საშიში პატიმრების ისტორიები.
ამას გარდა, კუნძულზე დაგეგმილია საგამოფენო სივრცეებისა და სამხატვრო სემინარებისთვის სივრცეების მოწყობა, რათა კუნძულმა ახალი ფუნქციები შეიძინოს.
დღესდღეობით კუნძული სრულიად მოწყვეტილია გარესამყაროს. გეგმის მიხედვით აქ ელექტროენერგიას, წყალს, გაზსა და ინტერნეტს გაიყვანენ. ასევე მოეწყობა ინფრასტრუქტურა, აშენდება სასტუმროები და დასასვენებელი სივრცეები.
პროექტის ჯამური ღირებულება 86 მილიონი დოლარია. კუნძულზე ინფრასტრუქტურის მოწყობა 2025 წელს უნდა დასრულდეს.
იტალიის მთავრობას იმედი აქვს, რომ მათი გეგმა წარმატებული აღმოჩნდება და კუნძული ძალიან მალე გახდება მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტი, რომელიც უამრავ ადამიანს მოიზიდავს.