თბილისსა და რეგიონებში 1-ლი ივლისიდან ელექტრომიმწოდებელი კომპანიები იცვლება.
იქ, სადაც "თელასი" გვემსახურებოდა, ამიერიდან "თელმიკოს" უნდა მივმართოთ, ხოლო რეგიონებში "ენერგო-პრო ჯორჯიას" ნაცვლად, აბონენტები დენს "ეპ ჯორჯიასგან" მიიღებენ. ბევრმა თქვენგანმა უკვე მიიღო მოკლეტექსტური შეტყობინება, სადაც წერია, რომ 30 ივნისის მდგომარეობით მოხმარებული ელექტროენერგიის ჩვენება მრიცხველზე "თელასს" უნდა მიაწოდონ სმს-ში მითითებული ბმულის საშუალებით. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ გაგზავნიან მრიცხველის ჩვენებას, მაშინ ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაერიცხებათ საშუალოდ, დღიურად მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად. გასაგებია, რომ კომპანიების შეცვლით ელექტროენერგიის ტარიფი არ იცვლება, მაგრამ ჩნდება ბევრი შეკითხვა, მათ შორის მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთვალდებულებების თვალსაზრისით. ხომ არ არის მოსალოდნელი ახალმა კომპანიამ ე.წ. თამაშის ახალი წესები დააწესოს და მაგალითად, შეცვალოს ქსელთან მიერთების ტარიფი ან მომხმარებელთა მომსახურების წესები?
კომპანიების ცვლილება ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმის ნაწილია, რომლის გატარების ვალდებულება საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრებით აიღო. რეფორმა გულისხმობს ენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების ერთმანეთისგან გამიჯვნას. ამით ბაზარზე უნდა შემოვიდეს მეტი კომპანია და კონკურენცია გაიზარდოს. ექვს თვეში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებაც იგეგმება, რის შემდეგაც კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას ენერგობირჟის საშუალებით იყიდიან. 1-ლი ივლისი სასტარტო ეტაპია, ბაზრის სრული გახსნა მომდევნო ხუთ წელიწადშია მოსალოდნელი, რაც ნიშნავს, რომ 2026 წლისთვის მცირე ბიზნესისა და საცალო მომხმარებლების გარდა, ნებისმიერი სუბიექტი ელექტროენერგიის შეძენას კონკურენტულ ბაზარზე დარეგულირებული ფასით შეძლებს.
დავით ნარმანია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე: "თუ ელექტროენერგიას აქამდე თბილისში გვაწვდიდა "თელასი", ხოლო რეგიონებში "ენერგო-პრო", 1-ლი ივლისიდან ისინი აღარ იქნებიან ელექტროენერგიის მიმწოდებლები და დარჩებიან ქსელის მესაკუთრეებად: უნდა მოუარონ სადენებს, ბოძებს, ტრანსფორმატორებს და სხვ. ამისთვის მათ მარეგულირებელი კომისიის მიერ განსაზღვრული აქვთ მოვლა-პატრონობის ტარიფი, ელექტროენერგიას კი სხვა კომპანიები მიაწოდებენ. ისინი ახლახან დაასახელა მთავრობამ: თბილისში "თელმიკო" (აბრევიატურა იშიფრება როგორც თბილისის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია) და რეგიონებში - "ეპ ჯორჯია მიწოდება".
თუმცა 1-ლ ივლისამდე ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულება აქვთ თბილისში "თელასსა" და რეგიონებში "ენერგო-პროს". ამიტომ წყალგამყოფი 30 ივნისია, როცა "თელასი" და "ენერგო-პრო" დაასრულებენ ელექტროენერგიის მიწოდებას და ის ავტომატურად უნდა დაიწყოს ორმა ახალმა კომპანიამ. 30 ივნისის ჩათვლით აბონენტის მოხმარებული ენერგიისთვის ანგარიშსწორება უნდა მოხდეს "თელასსა" და "ენერგო-პროსთან", ხოლო 1-ლი ივლისიდან - უკვე ახალ კომპანიებთან. იქიდან გამომდინარე, რომ მრიცხველებს ინკასატორები თვეში ერთხელ კითხულობენ, თვის ბოლოს ინკასატორები ჩვენების ამოსაწერად ყველა მრიცხველთან ფიზიკურად ვერ მივლენ. ამიტომ შემოთავაზებულია ორი ვარიანტი. 1) თუ მომხმარებელს სურს თვითონ გამიჯნოს ზუსტად, რამდენი გადაუხადოს "თელასს" ამ თვეში და პირველი რიცხვიდან უკვე ახალ კომპანიას, თავად ამოიწეროს მრიცხველის ჩვენება და მონაცემი გაგზავნოს. აუცილებელი არ არის ინტერნეტის ქონა, მონაცემები თავისუფლად იგზავნება სმს-ის მეშვეობით; 2) ხოლო მომხმარებლისთვის, რომელსაც არ უხერხდება ჩვენების ამოწერა, ან არ სურს გაირთულოს საქმე, არსებობს სემეკის სპეციალური რეგულაცია, რომლის მიხედვით დაანგარიშდება საშუალოდ დღიურად მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური და ავტომატურად გაიყოფა დღეების პროპორციულად - რა ნაწილის ანგარიშსწორება მოხდეს "თელასთან" და "ენერგო-პროსთან", და რა ნაწილის - ახალ კომპანიებთან.
ამას ექნება ერთჯერადი სახე. შემდეგი თვეებიდან "თელმიკო" განაგრძობს მრიცხველებიდან ამონაწერის ამოღებას, ისე როგორც აკეთებდა "თელასი".მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მომხმარებლისთვის არაფერი რთულდება. "თელასმა" კი დაგზავნა მესიჯები, თუ გსურს, 30 რიცხვამდე მომაწოდე შენი ჩვენებაო, მაგრამ რომც არ მიაწოდონ აბონენტებმა, მარეგულირებელი კომისიის რეგულაცია სწორედ ამას ემსახურება, რათა ავტომატურად მოხდეს ამ ყველაფრის დაანგარიშება. ელექტროენერგიის ტარიფი არ იცვლება, ანუ ფინანსურად არაფერი რთულდება.საყოფაცხოვრებო მომხმარებლების შემთხვევაში ქსელის მეპატრონე იქნება ერთი კომპანია და შესაბამისად, ერთ ვიწრო პროფილზე, ვიწრო ამოცანაზე იქნება ორიენტირებული, ხოლო ელენერგიას მიაწოდებს სხვა კომპანია. თუ ის ჯეროვნად არ შეასრულებს თავის სამუშაოს, მთავრობას შეუძლია ამორიცხოს მომსახურების სფეროდან და ახალი კომპანია დაასახელოს.
ამიტომაც ადრე არსებული ბუნებრივი მონოპოლიისგან განსხვავებით, უფრო ხარისხიანად უნდა მოემსახურონ მომხმარებლებს. ეს კი ნიშნავს, რომ აქეთ ქსელური კომპანიები "თელასი" და "ენერგოპრო" ვალდებული იქნებიან ჩადებული ინვესტიციების ადეკვატურად გააუმჯობესონ ქსელის მდგომარეობა, რათა ენერგიის მიწოდებაში შემცირდეს წყვეტა. ამას ჩვენ უკვე მეორე წელია სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ვაკონტროლებთ და ავტომატურ ანალიტიკას ვაკეთებთ. მათ ვუდგენთ სამიზნე მაჩვენებლებს დაბანდებული ინვესტიციების შესაბამისად, ანუ ქსელის მდგომარეობა ამ რეფორმის შედეგად უფრო მეტად უნდა მოწესრიგდეს. მეორე მხრივ, ენერგიის განაწილებაზე ახალი კომპანია იქნება პასუხისმგებელი: წაიკითხავს მრიცხველს, დროულად გაგზავნის ქვითარს, მოახდენს ანგარიშსწორებას, მოაგვარებს კომერციულ საკითხებს და სხვ.როგორც გითხარით, მოსახლეობას, ისევე როგორც მცირე და საშუალო ბიზნესს, დასახელებული კომპანიები მიაწვდიან ელექტროენერგიას სემეკის დადგენილი ტარიფით და გარანტირებული იქნება მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
მსხვილი მომხმარებლები ეტაპობრივად გავლენ ღია ბაზარზე, მთავრობის მიერ დამტკიცებული კონცეფციის შესაბამისად და ენერგიას მოხმარების მოცულობის მიხედვით იყიდიან ბირჟაზე, სადაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფასი იქნება - პიკის საათებში შედარებით მაღალი, ხოლო არაპიკურ, ღამის საათებში, ენერგია გაცილებით იაფი ეღირება, ვიდრე დღეს მარეგულირებელი კომისიის დადგენილი ტარიფია. ბირჟა ვაჭრობისთვის, ფაქტობრივად, მზად არის. ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგიერთი ტექნიკური საკითხის მოგვარება მიმდინარეობს, მაგალითად, ბაზარზე გასასვლელი მსხვილი მომხმარებლების სისტემების მოწესრიგება.
ახალმა მრიცხველებმა უნდა შეძლონ მოხმარებული ენერგიის ყოველსაათობრივი აღრიცხვა, რის შემდეგაც ავტომატურად გადაგზავნიან მონაცემებს სახელმწიფო ელექტროსისტემის ერთიან ალფაცენტრში. ამის მიხედვით მოხდება ყოველსაათობრივად მოხმარებული ენერგიის აღრიცხვა და შესაბამისი ფასის მისადაგება.
ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის მოგვარება მიმდინარეობს და ეს გახდა საფუძველი მთავრობის მიერ ბირჟის ამოქმედების ვადის გადაწევისა 1-ლ იანვრამდე".
სალომე ვარდიაშვილი, ენერგოომბუდსმენი: "კომპანიასა და აბონენტს შორის ვალდებულებებიც და უფლებებიც ორმხრივია. ამ ეტაპზე პასუხისმგებლობის, თუ გნებავთ, დახმარების გაწევის წილი დაეკისრა მოქალაქესაც. ძალიან მინდა ამ პროცესში მოქალაქე არ დაზარალდეს, არც კომპანიის ინტერესი, რაც შემდეგ ისევ ჩვენზე, ანუ მომხმარებლებზე აისახება. ამ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომჩვენ ძალიან ფხიზლად ვადევნებთ თვალყურს ამ პროცესს და თუ ვინმეს რამე ეჭვი ექნება, რომ თუნდაც ერთი თეთრით ზედმეტი გადაიხადა და ამას მრიცხველის ჩვენებით ადასტურებს, მზად ვართ მათი ინტერესები დავიცვათ.
აბსოლუტურად ყველა უფლება და ვალდებულება გადაეცემა ერთი კომპანიიდან მეორეს, მათ შორის აბონენტის ბილინგის მონაცემები. ამიტომ დამატებით არავითარი შეთანხმებები, ხელშეკრულების დადება ან მომხმარებლის კომპანიაში მისვლა-მოსვლა საჭირო არ იქნება. მრიცხველიდან ჩვენების ამოწერა იქნება ერთადერთი საბოლოო ანგარიშსწორება, სადაც მოქალაქე უშუალოდ იქნება ჩართული.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ან მცირე საწარმოს წარდგენილი აქვთ დეპოზიტი "თელასისთვის" ან "ენერგო პრო-ჯორჯიასთვის", მათ შეუძლიათ მოითხოვონ თანხის უკან დაბრუნება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან ახალ სააბონენტო ბარათზე განთავსება".
გაზზე მომუშავე ტექნიკისთვის რეგულაციების ამოქმედება გადაიდო
რეგულაციები, რომლებიც ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობების ვაჭრობასთან დაკავშირებით უნდა ამოქმედდეს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით არა წლეულს ივლისში, არამედ 1-ლი სექტემბრიდან შევა ძალაში. ეს ნიშნავს, რომ გაზზე მომუშავე ტექნიკა _ გათბობის ქვაბები, გაზქურები და სხვა 1-ლ სექტემბრამდე ჩვეულებრივად გაიყიდება.
აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბაზარზე მხოლოდ ის მოწყობილობები უნდა გაიყიდოს, რომლებიც ამ რეგლამენტის შესაბამისად იქნება დამზადებული.
მწარმოებელ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარს წყლის გამაცხელებლებს, გათბობის ქვაბებს, გაზქურებსა და სხვა აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებს აწვდიან, 1-ლი სექტემბრიდან ტექნიკისთვის განსაზღვრული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და მისი რეგლამენტთან შესაბამისობის შეფასება მოუწევთ. თუ ტექნიკა ამ პროცედურას გაივლის, მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისობის დეკლარაცია. მოწყობილობა დაპროექტებული და წარმოებული უნდა იყოს რეგლამენტით გათვალისწინებული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად. ეს ვრცელდება როგორც ტექნიკაზე, ისე ნაწილებზე.
კერძო სექტორის აზრით, რეგლამენტის შესაბამისად წარმოებული პროდუქცია ბაზარზე თითქმის არ არსებობს, ხოლო ნაწილებისთვის წაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია, რადგან მწარმოებლები მსგავს დოკუმენტს არ გასცემენ. ბიზნესი მოითხოვდა რეგულაციების გადავადებას, რადგან მისთვის პრობლემაა ნაშთები და შეკვეთილი პროდუქცია. საუბარია ათეულობით მილიონ ლარზე. რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ელოდებიან ტექნიკის გაძვირებასაც, საქართველოს მთავრობის 84-ე დადგენილება, რომელიც აღნიშნულ ტექნიკურ რეგლამენტს განსაზღვრავს, ევროკავშირთან ასოცირებასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა 2020 წლის 10 თებერვალს. რეგულაცია გერმანული მოდელის ანალოგია. აირად საწვავზე მომუშავე პროდუქციაზე გავრცელდება ნორმატივები, რომლებიც აქვს ევროპასაც.
წყარო: „კვირის პალიტრა"