პირველი ივლისიდან სახელმწიფო პურის ფასის სუბსიდირებას წყვეტს.
სუბსიდია რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა და 1 ტომარა ფქვილზე, ფასის ცვალებადობის მიხედვით, 10-20 ლარს შეადგენდა. შედეგად პურის მწარმოებლები ფქვილს შეღავათიან ფასად ყიდულობდნენ, რაც განსაზღვრული კატეგორიის პურზე ფასის შენარჩუნების შესაძლებლობას ქმნიდა. სუბსიდიის გაუქმების შემდეგ ფქვილის შეძენა საბაზრო ფასად მოუწევთ, რაც ქმნის რისკებს, რომ პურის ფასი შესაძლოა საშუალოდ 10 თეთრით გაიზარდოს. თუმცა არსებობს სხვა გარემოებები, რამაც ასევე შეიძლება იმოქმედოს პურის ფასზე და ეს არის როგორც ლარის დოლარის მიმართ გამყარების, ასევე ხორბალზე მსოფლიო ფასების შემცირების ტენდენციები.
მალხაზ დოლიძე, პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი: "გიდასტურებთ, ნამდვილად არის ხორბალზე მსოფლიო ფასის შემცირების ტენდენცია, მაგრამ კვლავაც მაღალი ფასია შენარჩუნებული იმ კომპონენტებზე, რომლებიც ასევე საჭიროა პურის წარმოებისთვის. მათ შორის არის საფუარი, წყლის, ელექტროენერგიისა და ენერგომატარებლების ფასი.
იმდენად გაძვირდა ყველაფერი, რომ სუბსიდიის ბოლო ეტაპზე უკვე 53 ლარად ნაყიდი ტომარა ფქვილის შემთხვევაშიც კი გვიჭირდა ფასის შენარჩუნება და წისქვილკომბინატებისგან ვითხოვდით ფასის 50 ლარამდე შემცირებას. შემცირდა კიდევაც და ძალიან ბევრი წისქვილი 50 ლარად აწვდიდა მეწარმეებს ფქვილს.
ვითარებას ამძიმებს კორონარეგულაციებიც, რომლის გამოც ყველა პური შეფუთული უნდა იყოს, ეს კი თითო პურისთვის 12-15 თეთრის ხარჯია.რა თქმა უნდა, დავინტერესდით, რა ფასად მივიღებთ ფქვილს სუბსიდიის შეწყვეტის შემდეგ და ამის პასუხი ჯერ არა გვაქვს. ამ საკითხზე გაიმართა მსჯელობა სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. ითქვა, რომ, მაგალითად, ყაზბეგში შემოსული ტომარა ფქვილი დღეს 13,3 დოლარია და გადასახადებსაც თუ გავითვალისწინებთ, ეს კარგი ფასია, რადგან 50 ლარი გამოდის 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ფქვილისთვის. მაგრამ შემოდის ლიმიტირებული რაოდენობით, როგორც ჩემთვის ცნობილია, თვეში მხოლოდ 1000 ტონა.
რუსული ფქვილი ყოველთვის უფრო იაფი ჯდება, რადგან ნედლეულიც მათია, ენერგომატარებლებიც უფრო იაფი აქვთ და საერთოდ, საბაჟო გადასახადებიც მოხსნეს ფქვილზე.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ კარგი ტენდენციაა, რადგან ფოთში ფქვილი ხელსაყრელ ფასად შემოვიდა - 1 ტონა 105 დოლარად. ვიანგარიშეთ და გამოვიდა ტომარაზე დაახლოებით 50 ლარი. მერე ითქვა ისიც, რომ მთლიანად ექსპორტზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული და ქართულმა წისქვილებმაც უნდა იმუშაონ. ადგილობრივი წისქვილკომბინატები კი იმპორტირებულ ფქვილს ფასში კონკურენციას ვერ გაუწევენ, მინიმუმ, 60 ლარად შეძლონ ფქვილის მოწოდება სუბსიდიის გარეშე, რადგან მათაც გაუზარდეს წყლისა და ელექტროენერგიის საფასური.თუ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით ვიმუშავებთ, ფქვილის ფასი არ უნდა "გაიქცეს", მაგრამ ყველაფრის გათვალისწინებით პურის ზოგიერთ ასორტიმენტზე ფასი 10 თეთრით მაინც მოიმატებს".
წყარო: „კვირის პალიტრა"