კომპანია Pepsi ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზიან სასმელებსა და ცივ ჩაიში შაქრის შემცველობას 2025 წლისთვის მეოთხედით შეამცირებს. ამის შესახებ კომპანიის დღევანდელ განცხადებაში წერია, რომელსაც სააგენტო Reuters ავრცელებს. ამასთან, Pepsi კიდევ უფრო მეტ მისაყოლებელ საკვებ პროდუქტს გამოუშვებს.
კომპანიის მიზანია, სიდიდით მეორე ბაზარზე იმ მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა, რომელებიც თავიანთ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. განვითარების ფარგლებში, Pepsi პროდუქციის გადაფორმულირებას დაბალკალორიული დამატკბობლების გამოყენებითა და სასარგებლო მისაყოლებლების გაზრდით გეგმავს. ასეთია, მაგალითად, კომპანიის პოპკორნის ხაზი PopWorks. რაც შეეხება ჩიპსების ხაზ Lay's Oven Baked-ს, ის ბაზარზე ცხიმის დაბალი შემცველობით გამოვა.
Reuters-ის შეფასებით, გაზიანი სასმელების მწარმოებლები იძულებული არიან, განსაკუთრებით ევროპის ბაზარზე, წარმოებაში შაქრის დანამატი შეამცირონ, რადგან რამდენიმე ქვეყანამ ტკბილ გაზიან სასმელებზე, ხილის წვენებსა და არომატიზირებულ წყალზე ჯანმრთელობისა და სიმსუქნის პრობლემების მოსაგვარებლად გადასახადები დააწესა.
„დღეს ევროპაში, თითქმის ყოველი მესამე სასმელი, რომელსაც ჩვენ ვყიდით, შაქარს არ შეიცავს და ვთვლით, რომ ეს ტენდენცია დროთა განმავლობაში გაიზრდება,“ - აცხადებს PepsiCo Europe-ის აღმასრულებელი დირექტორი სილვიუ პოპოვიჩი.
გასულ წელს Pepsi-ის გაყიდვების მთლიანი ოდენობიდან ევროპის ბაზრის წილმა, თითქმის, მეხუთედი შეადგინა, რამაც ის ჩრდილოამერიკის შემდეგ, კომპანიის მეორე ბაზრად აქცია. 2025 წლისთვის შაქრის შემცველობის 25%-ით შემცირების შემდეგ, Pepsi ამ ტენდენციას გააგრძელებს და 2030 წლისთვის წარმოებაში შაქრის დანამატს უკვე 50%-ით შეამცირებს, რაც ევროპაში გასაყიდ Pepsi-Cola-ს, Lipton Ice Tea-სა და 7UP-ს შეეხება. იმავე 2025 წლისთვის მოხდება ჯანმრთელი მისაყოლებელი საკვები პროდუქციის წარმოების გაათმაგება, ხოლო 2030 წლისთვის მისი პორტფელი 1 მლრდ დოლარამდე გაიზრდება.
UNESDA ევროპის უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიას წარმოადგენს, მათ შორის Coca-Cola-სა და Suntory Beverage-ს. სამშაბათს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გაერთიანება სასმელებში შაქრის შემცველობის, საშუალოდ, 10%-ით შემცირებაზე იმუშავებს, რის შედეგადაც ბოლო 2 ათწლეულში შაქრის დანამატის შემცირების მთლიანი ოდენობა 33% იქნება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ