კორონავირუსის პანდემიის გამო გაძვირებულ გზავნილებზე ტარიფები ისევ არ იკლებს. სეციალისტთა პროგნოზი, რომ იანვრიდან ფასი დაბლა დაიწევდა, არ გამართლდა. თუმცა, როგორც „ბიზესპრესნიუსთან“ საუბრისას „ინექს გრუპის“ დირექტორი გიორგი კაპანაძე აცხადებს, ფასები არც იმატებს და უკვე 7 თვეა სტაბილურ მაჩვენებელზეა.
„2020 წლის დეკემბრიდან ფასის მატების ტენდენცია შეჩერებულია, თუმცა ტარიფები არ იკლებს“, - განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, 2020 წლის მარტიდან ჩინეთიდან მთელი მსოფლიოს მიმართულებით გადაზიდვები მკვეთრად გაძვირდა, ერთი კილოგრამის ფასი 1,5 დოლარიდან 9 დოლარამდე გაიზარდა; „ამის გამო ჩვენც იძულებული გავხდით მატება აგვესახა ჩვენს ფასებზე. უკვე დეკემბრიდან ფასის მატების ტენდენცია შეჩერებულია, თუმცა არ იკლებს.
როგორც იცით, ჩვენ დამოკიდებული ვართ მსოფლიოში მოქმედ ავიატარიფებზე და ამის მიხედვით ავსახავთ ცვლილებებს. ჯერ-ჯერობით მაღალი ფასი ნარჩუნდება და ამ ეტაპზე გადახედვაც არ იგეგმება. იანვრიდან ფასები სხვა მიმართულებითაც სტაბილურია“, - განუცხადა კაპანაძემ ,,ბიზნესპრესნუსს“.
მისივე თქმით, ფასები დაახლოებით 1,5 დოლარით გაიზარდა ევროპის და აშშ-ს მიმართლებაზეც.
,,ფასები ჩინეთის პროპორციულად არა, თუმცა გაიზარდა ევროპის და აშშ-ს მიმართულებებზე. აშშ-დან ერთი კილოგრამი ამანათის ფასი 7 დოლარამდე გაიზარდა, ევროპაში კი ყველა ქვეყნიდან ინდივიდუალური ტარიფია, მაგალითად, საბერძნეთი - 3 ევრო და გერმანია - 6,5 ევრო. ეს ფასებიც მიმდინარე წელს არ დაკორექტირებულა“, - ამბობს გიორგი კაპანაძე.