საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco ათობით მლრდ დოლარის აქტივების გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ Bloomberg-ს კომპანიის კორპორაციული განვითარების ვიცე-პრეზიდენტ აბდულ აზიზ ალ გუდაიმმა განუცხადა.
2020 წელს, პანდემიის პიკის დროს, როცა ნავთობის ფასი მკვეთრად შემცირდა, Saudi Aramco-ში პორტფელის შეფასების ახალი გუნდი შეიქმნა, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილში, კონსორციუმის ნავთობსადენში თავისი წილი 12,4 მლრდ დოლარად გაყიდა.
ალ გუდაიმის თქმით, უახლოეს წლებში კომპანია აქტივების გაყიდვას „საბაზრო პირობებისგან დამოუკიდებლად“ განაგრძობს და მილიარდობით დოლარის შემოსავლის მიღებას მოელის.
ალ გუდაიმი ამბობს, რომ ამჟამად შეფასების გუნდი ფოკუსირებულია Saudi Aramco-ს პორტფელის ოპტიმიზაციაზე, თუ რომელი ინფრასტრუქტურის მონეტიზირება არის კიდევ შესაძლებელი.
აქტივების გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს Saudi Aramco სხვა ბიზნეს-პროექტებს მოახმარს.