საფრთხეშია არა მხოლოდ შეჩერებული, არამედ მიმდინარე სახელმწიფო ტენდერების შესრულებაც - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორმა ანა საბახტარაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, მიზეზი ისაა, რომ დაკონტრაქტება მოხდა ძველი ფასებით და დღეს აბსოლუტურად ყველა პროდუქტი გაძვირებულია.
მისი თქმით, სექტორის პრობლემა დღეს ძირითადად, სამშენებლო მასალის მაღალი ფასია, რაც კურსის ცვლილების გარდა, პანდემიის დროს საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მატებამაც გამოიწვია.
„პანდემიის შემდეგ, ყველაზე აქტუალური ჩვენი სექტორისთვის, სამშენებლო მასალებზე ფასების მკვეთრი ზრდაა. დაკონტრაქტება მოხდა ძველი ფასებით და დღეს დრამატულად არის გაზრდილი ფასი აბსოლუტურად ყველა პროდუქტზე. დაწყებული ძირითადი პროდუქტებით, როგორიცაა არმატურა, ცემენტი და ა.შ. დასრულებული დამხმარე მასალებით. არ აქვს მნიშვნელობა პროდუქცია იმპორტირებულია, თუ ადგილობრივი წარმოების. ფასის მატება გამოიწვია ორმა ფაქტორმა უმთავრესად კურსის ცვლილებამ და ამას ემატება პანდემიის გამო, საერთაშორისო ბაზრებზე ფასის ცვლილებაც. დღეს, სექტორის მთავარი გამოწვევა ესაა.
საკუთრივ სამშენებლო ბიზნესის პრობლემებზე რომ ვისაუბროთ, ბევრი ფაქტორია, იგივე, სამშენებლო მასალების დეფიციტი. ბოლო დროს, ცემენტზე შეიქმნა დეფიციტი, იმპორტის შეზღუდვის გამო. პრობლემაა კონტრაქტებიც, რომელიც არ არის ინტერესებზე მორგებული და ხშირადაა, გონივრული რისკების მიღმაც, რაც ასევე პანდემიის დროს დადგა“, - განაცხადა საბახტარიშვილმა.
საბახტარიშვილის თქმით, საფრთხეშია არა მხოლოდ შეჩერებული, არამედ მიმდინარე სახელმწიფო ტენდერების შესრულებაც.
,,გარდა პროექტებისა, რომელიც დამკვეთებმა შეაჩერეს, დიდი რისკია პროექტების იმის გამო შეჩერების, რომ კომპანიები ფასთა სხვაობას უბრალოდ ვერ უძლებენ. როცა კონტრაქტი სხვა ფასების გათვლითაა დადებული და ახლა ბაზარზე სხვა არის. მუსირებს აზრი და ჩემთვისაც ბევრს უთქვამს, რომ - თქვენ რა გიჭირთ, მშენებლობა არ შეჩერებულა კოვიდის დროს. სინამდვილეში, იყო ნაკლები შეზღუდვები სხვა სექტორებთან მიმართებით, მაგრამ ოპერაციები შეგვეზღუდა, გაიზარდა ხარჯები, რომელიც არა მხოლოდ მასალებთან, არამედ ტრანსპორტირებასა და ტექნოლოგიებთანაცაა დაკავშირებული. საერთაშორისო პროექტებში, როცა ქვეკონტრაქტორია ქართული კომპანია, იქ დოლარზე ხდება მიმაგრება და პრობლემა აღარაა, მაგრამ სახელმწიფო ტენდერების შესრულება და ბოლომდე მიყვანა ძალიან დიდი პრობლემაა.
ახლა მუშავდება კანონი, საჯარო შესყიდვების შესახებ, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ ჯერ რაც ჩანს, ბიზნესის ინტერესებს ვერ აკმაყოფილებს და მხოლოდ ევროდირექტივების შესრულებაა“, - განუცხადა საბახტარაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსს“.