რუსი ტურისტები და დე ფაქტო აფხაზეთის მცხოვრებლები სოციალურ ქსელში ერთმანეთს არასასიამოვნო სიტყვებით მოიხსენიებენ. სააგენტო РБК-ს ბიჭვინთაში სროლის დროს დაშავებულმა რუსმა ტურისტებმა განუცხადეს, რომ მათ აფხაზები ემუქრებიან, რაც ბოლო 2 დღეში სოციალურ ქსელ Facebook-ზე განხილვის თემა გახდა.
„ცუდი ტენდენციაა. იქ ამდენი ხანი სიმშვიდე იყო, ახლა კი სერიოზულად დაგაფიქრებს, ღირს თუ არა აფხაზეთში ჩასვლა, განსაკუთრებით, ბავშვებთან ერთად. ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა,” - წერს Facebook-ზე რუსეთის მოქალაქე, ნატალია პ.
რუსული სააგენტო REGNUM-ის შეფასებით, ბევრი Facebook-მომხმარებელი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასეთი ინციდენტები სერიოზულ ზიანს აყენებს რუსებისა და აფხაზების ურთიერთობებს.
„ამის გამო რუსი ტურისტები თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ,“ - წერს სააგენტო და მეორე ტურისტის პოსტი მოყავს.
„როგორი დამოკიდებულებაა ეს?! როგორც ჩანს, ადგილობრივებს, ჩვენი ფულის გარდა, არაფერი სჭირდებათ. იქნებ, დროა, საზღვარი დავხუროთ და აფხაზეთი სამუდამოდ დავივიწყოთ?! დაე, დაიხრჩონ ნანგრევებსა და მანდარინებში,” - წერს ალექს პ.
REGNUM-ს მორიგი მომხმარებლის კომენტარი მოყავს, რომლის მიხედვითაც, თუ ვითარება არ გამოსწორდება, რუსი ტურისტები აფხაზეთში აღარ ჩავლენ.
„დროა, აფხაზეთის ხელისუფლებამ მოაწესრიგოს სიტუაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში აღარ ჩავლენ და ის კიდევ უფრო გაღარიბდება. ტურისტული რეგიონებიდან კრიმინალური სიახლეები კატასტროფის ტოლფასია," - წერს ევგენი ჩ.
ბიჭვინთაში სროლის შედეგად დაშავებულმა რუსეთის მოქალაქეებმა, ტიმურ სალიმგარიევმა და ალექსანდრე ფილოიანმა 17 ივლისს სააგენტო РБК-ს განუცხადეს, რომ სოციალურ ქსელებში მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს. ძალადობით ემუქრებიან მათ ნათესავებსა და მეგობრებსაც.
„გვწერენ, რომ ჩვვნეთვის თავში უნდა ესროლათ, რადგან მომხდარზე მილიციაში განცხადება კი არ უნდა შეგვეტანა, არამედ, თურმე, კანონიერი ქურდებისთვის უნდა მიგვემართა, რადგან, მათი მტკიცებით, აფხაზეთში ისინი აგვარებენ პრობლემებს. მათ, ასევე, მისწერეს ჩემს ნათესავებსა და მეგობრებს, რომლებმაც ჩვენი ამბავი დაპოსტეს და დაემუქრნენ, რომ მოკლავდნენ, თუკი თავიანთ პოსტებს არ წაშლიდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ დამნაშავეები ჩვენ ვართ და თითქოს თავდამსხმელს, დიმიტრი პილიას ჩვენ გავუწიეთ პროვოცირება,“ - აცხადებს ტიმურ სალიმგარიევი, რომელიც ამჟამად სოჭის №4 საავადმყოფოში მკურნალობს. მას 4 ოპერაცია ჩაუტარდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო ფეხებისა და სასქესო ორგანოს მიდამოებში. სალიმგარიევს ცალი სათესლე პარკის ამპუტაცია ჩაუტარდა.
რაც შეეხება მეორე დაზარალებულ ალექსანდრე ფილოიანს, ის ფეხის ამპუტაციას გადაურჩა, თუმცა კრასნოდარის საავადმყოფოში ფეხზე 12 ოპერაცია ჩაუტარდა.
„რასაც აფხაზები მწერენ, იქიდან ყველაზე კარგად დამამახსოვრდა შემდეგი მუქარა: მადლობა თქვი, რომ შუბლი არ გაგიხვრიტეთო,“ - აცხადებს ფილოიანი. 15 ივლისს ის მოსკოვში სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად ჩაფრინდა. ექიმების პროგნოზით, ორივე მოქალაქე ფეხზე გავლას ნახევარი წლის შემდეგ შეძლებს.
ივნისში, ქალაქ ბიჭვინთის ე.წ. Самшитовая роща-ს ტერიტორიაზე აფხაზმა დიმიტრი პილიამ უხამსი სიტყვებით საუბარი ჯერ რუს ტურისტ ქალებს დაუწყო, ხოლო შელაპარაკების შემდეგ, მათი თანამგზავრი რუსეთის მოქალაქეები პისტოლეტის მჭიდის დაცლით დახვრიტა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ