ნათია თურნავა - განვიხილავთ მსხვილ საწარმოებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას, თუ ამის მოთხოვნა იქნება

განვიხილავთ მსხვილ საწარმოებში, ადგილზე ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას, თუ ამის მოთხოვნა იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის საწინაამღდეგო ვაქცინის საკმარისი მარაგი არსებობს.

„უნდა დავარწმუნოთ მოსახლეობა იმაში, რომ ვაქცინაცია არის აუცილებელი. რა დასამალია, და რეგიონებში ჯერ კიდევ არსებობს ფრთხილი დამოკიდებულება, ზოგადად ვაქცინაციის მიმართ, მათ შორის, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიმართ. ვფიქრობ, რომ ამას ერთობლივად გადავლახავთ. ერთადერთი გზა მართლაც აქტიურობაა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა იქნება, ვაქცინები საკმარისია. აცრის შესაძლებლობა, ინფრასტრუქტურა, ადგილები, სადაც შეიძლება აცრა ჩატარდეს, ასევე საკმარისია. უფრო მეტიც, განვიხილავთ მსხვილ საწარმოებში ადგილზე ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას, თუ ამის მოთხოვნა იქნება. უბრალოდ, ისევ გაგება და თვითშეგნება უნდა იყოს ამ სიტუაციაში, საზოგადოების კონსოლიდაცია. ეს არის ნებაყოფლობითი აქტი, ამიტომ ყველამ უნდა იტვირთოს თავის წილი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.