რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი, ნიკოლაი შულგინოვი აცხადებს, რომ თუ საწვავზე გაცვლითი ფასები არსებულ რეკორდულ დონეზე დარჩება, შემდეგ კვირაში ბენზინის ექსპორტზე აკრძალვის პროცესი დაიწყება. განცხადება სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელდა.
გუშინ პეტერბურგის სავაჭრო ბირჟაზე 95-ოქტანობის ტონა ბენზინზე ფასმა, ისტორიაში პირველად, 60 000 რუბლს (813,24 დოლარს) გადააჭარბა.
შულგინოვმა განმარტა, რომ ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას შეუძლია, ხელშეკრულება დადოს ნავთობკომპანიებთან, რომლებიც საბითუმო რგოლში მოცულობასა და ფასებს არეგულირებენ და ნავთობპროდუქტების გაყიდვებზე საბირჟო ნორმატივები 15%-მდე გაზარდოს.
„ბენზინზე გაცვლითი საბითუმო ფასების ამჟამინდელი ზრდა მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს ბენზინგასამართ სადგურებზე საცალო ფასის დინამიკაზე საბოლოო მომხმარებლისთვის,” - აცხადებს შულგინოვი.
მისი თქმით, ფასების ზრდის შესაკავებლად არსებობს „დემპინგური მექანიზმი”, რომლის მეშვეობითაც საწვავის მსხვილი მწარმოებლები იღებენ გაზრდილ საფასურს, რათა საწვავის შიდა ბაზარზე ფასები არ გაზარდონ.
„საშინაო ბაზარზე ბენზინის გაყიდვისას, საწვავის უმსხვილესი მომწოდებლები თავიანთი ფასების პოლიტიკაში ცდილობენ, ინფლაციის დონეს არ გადააჭარბონ,” - ამბობს მინისტრი.
მისი პროგნოზით, ბირჟაზე ფასები ივლისის ბოლოსთვის დასტაბილურდება, როდესაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტი დასრულდება, რაც ბენზინის წარმოების ზრდას გამოიწვევს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ