„თითქმის არცერთი მსხვილი ინვესტორი არ გვახსენდება, რომელმაც წარმატებით განახორციელა ინვესტიცია და დაბრკოლებები არ შეექმნა. ასევე, ვხედავთ ძალიან ბევრ განაწყენებულ ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორს, ვისაც მხოლოდ ერთი შესაძლებლობა დარჩა, რომ თავისი უფლებები დაიცვას საერთაშორისო სასამართლოს გზით“,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის აშშ-ის მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
ქეთი ბოჭორიშვილის თქმით, ეს ანგარიში, თავისი შინაარსით, საკმაოდ ცუდად აისახება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატსა და ბიზნეს გარემოზე.
ცნობისთვის, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კვლევაშია აღნიშული, საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები საიმედოა, თუმცა აქ არის მზარდი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, რომ კომერციულ დავებს განიხილავს დამოუკიდებლად ან დროული, კომპეტენტური გზით. რამდენადაც, ბიზნეს დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება.
„ეს ანგარიში არის საკმაოდ კრიტიკული და რა თქმა უნდა, ცუდად აისახება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე და იგივე ბიზნეს გარემოზე. შედეგი არის ის, რომ ქვეყანაში იქნება ნაკლები ინვესტიციები, ასევე, ნაკლები სამუშაო ადგილი და ა.შ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად, ანგარიშში პოზიტივი ყოველთვის არასდროს წერია, მაგრამ ყოველვის არის პოზიტიური ტენდენციები, რომ შესაძლოა, რაღაცას არ აკმაყოფილებდეს ქვეყანა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია და ამ დადებით ტენდენციებს ხედავთ. ესეც ძალიან პოზიტიურია. მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც, კონკრეტული სასურველი შედეგი შეიძლება, ბოლომდე არ იყოს ასახული. ჩვენ ამ ანგარიშში ვხედავთ არა გაუმჯობესებისკენ წინსვლას, არამედ პირიქით, რაღაც მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე უკუსვლას. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და დასაფიქრებელი.
ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში არ გვაქვს წარმატებული პროექტების მაგალითები. ვერ გამოვდივართ და ვერ ვამბობთ, რომ ჩვენთან აი ეს პროექტი განახორციელა საერთშორისო, ან არსებულმა ორგანიზაციამ საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობით, ან კერძო საჯარო-თანაშრომლობით. შესაბამისად, ამ ანგარშში ვხედავთ, რომ ერთის მხრივ, არის საკმაოდ კრიტიკული და მეორე მხრივ, არ გვაქვს კონკრეტული წარმატებული მაგალითები, რაც რა თქმა უნდა, მოტივაციას დაუკარგავს ინვესტორებს.
თითქმის არცერთი მსხვილი ინვესტორი არ გვახსენდება, რომელმაც წარმატებით განახორციელა ინვესტიცია და დაბრკოლებები არ შეექმნა. ასევე ვხედავთ ძალიან ბევრ განაწყენებულ ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორს, ვისაც მხოლოდ ერთი შესაძლებლობა დარჩა, რომ თავისი უფლებები დაიცვას საერთაშორისო სასმართლოს გზით“,- განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.