მსოფლიოში კომპიუტერული კომპონენტების წარმოებაში ლიდერი ერთ-ერთი კომპანია ამერიკული Intel Corp., მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წმინდა მოგების შემცირების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, თუმცა, წლიურ პროგნოზს აუმჯობესებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ვკითხულობთ, Intel-ის წმინდა მოგება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 1%-ით არის შემცირებული 5,06 მილიარდ დოლარამდე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა მაჩვენებელი იყო 5,11 მილიარდი დოლარი.
ამასთან, ამ საანგარიშო პერიოდში კომპანიის კვარტალური შემოსავლები შემცირებულია ასევე თითქმის 1%-ით 19,73 მილიარდი დოლარიდან 19,63 მილიარდ დოლარამდე.
Intel-ის პროგნოზით, კომპანიის შემოსავლები მესამე კვარტალში 19,1 მილიარდი დოლარი იქნება, ანალიტიკოსების პროგნოზით კი, 18,11 მილიარდი დოლარი. კომპანიამ შემოსავლების წლიური პროგნოზი 1 მილიარდი დოლარით გაზარდა 76,5 მილიარდ დოლარამდე.