მთვარეზე გაფრენის ნებართვისთვის ჯეფ ბეზოსი NASA-ს ხარჯების სრულ დაფარვას სთავაზობს

დაბალორბიტალური კოსმოსური მოგზაურობიდან ახლახანს დაბრუნებულმა მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა NASA-ს შესთავაზა, რომ დაფარავს 2 მლრდ დოლარის ხარჯს, თუკი აშშ-ს კოსმოსური სააგენტო მის კომპანია Blue Origin-ს დაუდებს კონტრაქტს მთვარეზე ასტრონავტების დასმისთვის, კოსმოსური ხომალდის შექმნის მიზნით. ბეზოსის ამ განცხადებას Reuters-ი ავრცელებს.

აპრილში NASA-მ ბეზოსის კონკურენტ SpaceX-თან, რომელიც ილონ მასკს ეკუთვნის, 2,9 მლრდ დოლარის ხელშეკრულება დადო, რომ კომპანიის კოსმოსურმა ხომალდმა 2024 წლისთვის მთვარეზე ასტრონავტები გადაიყვანოს. მაშინ კოსმოსურმა სააგენტომ Blue Origin-ის განაცხადი არ დააკმაყოფილა, რადგან ორივე კომპანიის მომსახურების დაფინანსებას ვერ გასწვდებოდა. სააგენტომ ორბიტალურ მისიებში გამოცდილების მიხედვით მხოლოდ SpaceX შეარჩია და სხვა ფაქტორებთან ერთად, ფინანსური სახსრების უკმარისობა დაასახელა.

NASA-ს ადმინისტრატორ ბილ ნელსონისადმი გაგზავნილ წერილში ჯეფ ბეზოსი წერს, რომ Blue Origin უარს ამბობს მიმდინარე და შემდეგ ფინანსურ წლებში სახელმწიფო დაფინანსებისგან და 2 მლრდ დოლარით თავად დააფინანსებს ორბიტალურ მისიას, თავისი ტექნოლოგიის გამოსაცდელად.

„NASA-მ თავის თავდაპირველ სტრატეგიაზე, რომ მისიისთვის ორი წყარო გამოეყენებინა, უსახსრობის გამო უარი თქვა. თუმცა ჩვენი წინადადება მას ამ ბარიერს მოუხსნის. კონკურენციის გარეშე NASA-ს მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მთვარის მისიები უფრო ძვირი დაუჯდება და ეროვნულ ინტერესებს არ მოემსახურება,“ - წერს თავის მიმართვაში ჯეფ ბეზოსი.

1972 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ს კოსმოსურმა სააგენტომ მთვარეზე ადამიანების დაბრუნება გადაწყვიტა. მან პროგრამა Artemis გამოაცხადა, რომელშიც, სხვა კომპანიებთან ერთად, ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ი მონაწილეობდა და მთვარის მოდული - „ცისფერი მთვარე“ (Blue Moon) წარადგინა.

ბეზოსის წინადადება 6 დღის თავზე გაჟღერდა, როცა მილიარდერმა, ეკიპაჟის 3 წევრთან ერთად, New Shepard-ის სარაკეტო-კაფსულური ხომალდით კოსმოსში იმოგზაურა და ამით კოსმოსურ ტურიზმში სერიოზული მოთამაშე გახდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ