„ჰოსპიტალური სექტორის სატარიფო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს“ – რა ცვლილებებს ითხოვს კერძო სექტორი

კლინიკების ტარიფების რეგულირებაში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ჩაერთვება.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის" გადაცემაში ,,საქმე“ აცხადებს, რომ ტარიფები 2019 წელს განისაზღვრა მას შემდეგ კი, ბაზარზე ბევრი რამ შეიცვალა. შესაბამისად, უნდა გაიზარდოს ტარიფებიც.

მარიანა მორგოშიას თქმით, სექტორის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ადვოკატირებაში BAG-ი ჩაერთვება.

,,ჰოსპიტალურ სექტორს ამ ეტაპზე ყველაზე მწვავედ სატარიფო პოლიტიკის საკითხი უდგას, რომელიც წლების წინ განისაზღვრა და მას შემდეგ, გადახედვა არ მომხდარა. ამ დროში გაძვირდა ელექტროენერგია, სახარჯი მასალები, რაც გამოიწვია კურსის გაუფასურებამ, თუმცა მიუხედავად ამისა, არ შეცვლილა ტარიფები სექტორში.

ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთან და მათი ჩართულობით შევქმნით ჩარჩო დოკუმენტს, სადაც იქნება გაწერილი ყველა პრობლემა და ყველა საკითხი, რაც სექტორს უდგას. შევთავაზებთ გადაჭრის გზებს და წარვუდგენთ აღმასრულებელ ხელისუფლებას.

სატარიფო პოლიტიკა, რომლითაც ოპერირებენ და ფუნქციონირებენ კლინიკები, განსაზღვრულია 520-ე დადგენილებით. ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ ბოლოს გადახედვა 2019 წელს მოხდა და მაშინაც ტარიფები განისაზღვრა ისტორიული მინიმუმით. არ იქნა ბევრი ფაქტორის გათვალისწინება მაშინაც კი, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და მაინც არ დაკორექტირებულა ფასები.

დღევანდელ პირობებში, ჰოსპიტალური სექტორის სატარიფო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს. რადგან ეროვნული ვალუტა ხშირად მერყეობს, პრობლემის გადაჭრის გზა, ალბათ, იქნება სატარიფო ინდექსაცია, რაც ნათელ მოლოდინებს შექმნის. ეს იქნება ყველაზე სტაბილური მექანიზმი“- განაცხადა მარიანა მორგოშიამ ,,საქმეში“.

შეგახსენებთ, 2019 წლის 21 ნოემბერს ძალაში შევიდა მთავრობის 520-ე დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. დადგენილების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა კლინიკებში მსგავს მომსახურებაზე ტარიფების გათანაბრებას ეხებოდა. ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ყველა კლინიკას თავად დაუდგინა გათანაბრებული ტარიფები გარკვეულ მომსახურებებზე. უმეტეს შემთხვევებში, სამინისტროს მიერ დაწესებული მანამდე არსებულ საშუალო ტარიფზე ნაკლებია.

თამარ მუკბანიანი