,,დასაქმების შესახებ შეთანხმების პროგრამის ფარგლებში, პირველი ჯგუფი გაემგზავრა 2021 წლის 14 აპრილს, 2021 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით კი სულ დასაქმდა 180 საქართველოს მოქალაქე“- ამის შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში ,,ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს.
სააგენტოში ამბობენ, რომ როდის გაემგზავრება გერმანიაში დასაქმების მსურველთა შემდეგი ნაკადი, დამსაქმებლის მოთხოვნაზეა დამოკიდებული.
,,როგორც ცნობილია, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების პროგრამის ფარგლებში, პირველი ჯგუფი გაემგზავრა 2021 წლის 14 აპრილს, 2021 წლის 3 აგვისტოს მდგომარეობით კი სულ დასაქმდა 180 საქართველოს მოქალაქე.
ბოლო ჯგუფი აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში დასაქმების მიზნით, 1 აგვისტოს გაემგზავრა, ხოლო მომდევნო ჯგუფის გამგზავრება დამოკიდებულია გერმანელი დამსაქმებლის მიერ მოწოდებული მოთხოვნის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ნაწილი მათგანისთვის უკვე ამოიწურა შესაბამისი შრომითი ნებართვით განსაზღვრული ვადა და ისინი დაბრუნდნენ სამშობლოში, დამატებითი რესურსით და გამოცდილებით. ამ პროცესის მთავარი იდეა, სლოგანი კი არის: „მიიღე გერმანული გამოცდილება, განავითარე შენი სოფელი“. უნდა ითქვას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამისი უწყების მხრიდან მუდმივ რეჟიმში ხდება ახალი ვაკანტური ადგილების მოწოდება ქართული მხარისათვის და შესაბამისად, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო უზრუნველყოფს შეთანხმებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, საქართველოს მოქალაქეთა განაცხადების მიწოდებას, რომლის საფუძველზეც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებელი“- განუცხადეს ,,ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში.
ინფორმაციისთვის, გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამის პლატფორმაზე სულ 95,000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.