2021 წლის მეორე კვარტალში ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.2 პროცენტით შემცირდა და 11.5 მილიონი ფრთა შეადგინა.
ასევე, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 159.0 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8 პროცენტით ჩამორჩება.
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე, ზურა უჩუმბეგაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ შემცირება პანდემიის თანმდევი ეფექტია. თვითღირებულება კი ბევრად გაზრდილია, ვიდრე თავად პროდუქცია.
,,მართალია, ფერმები არ დახურულა, თუმცა წარმოება ნამდვილად შემცირებულია, რაც პანდემიის თანმდევი ეფექტია. დახურულია ჰორეკა სექტორის დიდი ნაწილი, შემცირებულია საკონდიტრო სექტორი. ამას ემატება ისიც, რომ ფასები კატასტროფულადაა გაზრდილი ნედლეულზე და ფრინველის საკვებზე. გარდა ამისა, გაზრდილია ტრანსპორტირების ხარჯი და საწვავიც. ამ ყველაფერმა, ბუნებრივად მოახდინა სექტორის, რეალიზაციის და წარმოების შემცირება.
მიუხედავად თვითღირებულების ფასების ასეთი ზრდისა, ეს ბოლომდე არ ასახულა უშუალოდ პროდუქციაზე. 2 წლის განმავლობაში ჯამში 30-32%-ით არის გაძვირებული. მოგებაზე რომ გავიდეთ, ფასები კიდევ მინიმუმ 15%-ით უნდა გაიზარდოს, მაგრამ ეს იმდენად შეამცირებს რეალიზაციას, რომ ვერ ვაკეთებთ და ახლა ფაქტობრივად, სექტორი მოგების გარეშე მუშაობს“- განაცხადა უჩუმბეგაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.