უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება.
ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით. მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვტილებები მიიღო. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
ცნობისთვის, ტრანსპორტის მუშაობა 4 სექტემბრამდე იყო შეზღუდული.
გარდა ამისა, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება. როგორც გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობაც.
“სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც",- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.