როგორია Ferrero-ს მიერ საქართველოში დაარსებული კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები

იტალიურმა Ferrero-მ სამეგრელოს სამ რაიონში თხილის ბაღები გაყიდა.

რა გახდა ამის მიზეზი და არის თუ არა ეს კომპანიის პოლიტიკის ნაწილი, რომლითაც 2024 წლამდე კომპანიის წარმოება ადგილობრივი, იტალიური თხილით უნდა ჩანაცვლდეს, ჯერ უცნობია. კომპანიის ქართულ წარმომადგენლობაში მედიასთან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი თოდუა ამბობს, რომ კომპანიამ ბაღების მხოლოდ 30% გაყიდა. ის ბაღები კი, სადაც უმაღლესი ხარისხის თხილი მოდის, კვლავ კომპანიის მფლობელობაშია.

შეგახსენებთ, რომ Ferrero Trading LUX S.A საქართველოში 2007 წელს შემოვიდა და შპს "აგრიჯორჯია" დააარსა. კომპანიამ თხილის პლანტაციები საქართველოში, კერძოდ სამეგრელოში გააშენა. 2017 წლის მონაცემებით, Ferrero-ს საქართველოში 4 000 ჰექტარზე მოჰყავდა თხილი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ფინანსური მაჩვენებლები აქვს კომპანიას. როგორც „აგრიჯორჯიას“ ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, 2020 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, კომპანია ფლობს 124,362 მლნ ლარის აქტივებს. ამასთან, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კომპანიამ 2019-2020 წელი ზარალით დაასრულა. კერძოდ, გასულ წელს მისი ზარალი - 54,583 მლნ ლარს, ხოლო 2019 წელს - 39,108 მლნ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება შემოსავალს, პანდემიურ 2020 წელს „აგრიჯორჯიას“ შემოსავლებიც შემცირდა. კერძოდ, თუ 2019 წელს კომპანიის შემოსავალი - 13,842 მლნ ლარს შეადგენდა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 4,054 მლნ ლარი იყო. ამასთან, შემცირებულია კომპანიაში მუდმივად დასაქმებულთა რიცხვიც. გასულ წელს კომპანია მუდმივად 168, 2019 წელს კი - 182 ადამიანს ასაქმებდა.

თაია არდოტელი