იტალიის მოსახლეობა ისევე, როგორც ბიზნესის წარმომადგენლები მალე ელექტროენერგიის გაზრდილ საფასურს გადაიხდიან, რადგან ოქტომბერში ფასების მორიგ მატებას ელოდებიან. ინფორმაციას The Local ავრცელებს.
„წინა კვარტალში ელექტროენერგიის ფასი 20%-ით გაიზარდა, შემდეგ კვარტალში კი 40%-ით. ეს იმიტომ ხდება, რომ საერთაშორისო ბაზარზე გაზის, შესაბამისად, CO2-ის ფასი მატულობს“,- აცხადებს ეკოლოგიური რეფორმების მინისტრი, რობერტო ჩინგოლანი.
მინისტრის განცხადება ენერგეტიკის სექტორის ანალიტიკოსების ანალოგიურ პროგნოზებს მოჰყვა. მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ფასი იტალიასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა. წინა კვარტალში, კერძოდ, 1 ივლისიდან იტალიის სამრეწველო დარგის მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ფასი, დაახლოებით, 20%-ით, მოსახლეობისთვის კი, თითქმის, 10%-ით გაიზარდა.
1-ლი ივლისიდან, ტარიფის ბოლო კვარტალური განახლების ფარგლებში, ელექტროენერგიის საცალო ღირებულება 9,9%-ით, გაზის კი 15.3%-ით გაიზარდა. თავდაპირველად ფასების უფრო მეტ ზრდას ვარაუდობდნენ, მაგრამ მთავრობის ჩარევით ეს პროცესი შეფერხდა, რათა ფასების მოულოდნელ ზრდას ინფლაციაზე არ ემოქმედა. მთავრობამ 1.2 მლრდ ევრო გამოყო, რომ ფასების ზრდა 10%-ზე დაბალ მაჩვენებელზე შეეკავებინა.
ახლახანს, ესპანეთის მთავრობამ ელექტროენერგიის გადასახადის გადაუდებელი შემცირება დააანონსა, რადგან ქვეყანაში, ევროპის მასშტაბით, დენის ყველაზე მაღალი ტარიფი მოქმედებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ