გონიოში ელიტური ვილები აშენდება. ამის შესახებ ელიტური ვილების მშენებლობის განაშენიანების დეტალური გეგმის პროექტშია აღნიშნული. როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, დამკვეთი შპს „გონიო 2020“, ხოლო შემსრულებელი - „არტ დიზაინი+“-ია.
როგორც დოკუმენტაციაშია მითითებული, პროექტის განხორციელდება ბათუმში, გონიოს დასახლებაში შავი ზღვის სანაპირო ზოლში განლაგებულ ტერიტორიაზე იგეგმება, რომელიც ბათუმის ცენტრიდან დაშორებულია 12 კმ-ით.
„საპროექტო ტერიტორიას დასავლეთის, ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მხრიდან ესაზღვრება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილებაში არსებული თავისუფალი ტერიტორიები. ტერიტორიის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, 50 მ მანძილში მდებარეობს უახლოესი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ტერიტორიის სამხრეთით 25 მ. მანძილში მდებარეობს კერძო საკუთრება (კომერციული ფართი). საპროექტო ტერიტორიიდან შავი ზღვა დაშორებულია დაახლოებით 100-მ მანძილით. საპროექტო ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს გონიოს ციხის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის არქეოლოგიური დაცვის ზონა საპროექტო ტერიტორიიდან დაშორებულია 195 მ. მანძილით,“-ვკითხულობთ პროექტში.
ამასთან, პროექტის მიხედვით, განსაზღვრულია 26 ვილის აშენება, მათ შორის 25 ვილა გაბარიტული ზომებით იდენტური იქნება, ხოლო ერთი იქნება უფრო დიდი. ყოველი კოტეჯისთვის გამოიყოფა ცალ-ცალკე ნაკვეთები, სადაც მოეწყობა ინდივიდუალური საცურაო აუზები და 2 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე ადგილი. ნაკვეთების ირგვლივ მოეწყობა ბუნებრივი ღობე მწვანე ნარგავების სახით (დაფნის ხეებით). ყველა ნაკვეთს ექნება წყლის გატარების უნარი ვინაიდან ტერიტორია მანქანის სავალი ნაწილის გარდა მოპირკეთდება წყალგამტარი დეკორატიული ფილებით.