არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის გამოუძიებელი შემთხვევების განახლებადი სია წარმოადგინა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბოლო წლებში მაღალი დონის ე.წ. „ელიტური“ კორუფცია და მასზე არასათანადო რეაგირება გამოიკვეთა, როგორც კორუფციის მხრივ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა.
„ბიზნესპრესნიუსი“ ორგანიზაციის ანგარიშიდან გთავაზობთ ინფორმაციას, იმ სავარაუდო კორუფციული შემთხვევების შესახებ, რომელიც მიმდინარე წელს არის გამოვლენილი. ყოველი მათგანის გამოძიების სტატუსი უცნობია. ორგანიზაციის ცნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შეეცადა გაერკვია, დაიწყო თუ არა, ან რა ეტაპზეა გამოძიება ქვემოთ ჩამოთვლილ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩვენი წერილი უპასუხოდ დატოვა, ხოლო გენერალურმა პროკურატურამ მოგვწერა, რომ კანონი მათ ამ ტიპის ინფორმაციის გასაჯაროებას არ ავალდებულებს.
თევზის გადამამუშავებელი საწარმოები ფოთში - პოლიტიკური კავშირები და ეკოლოგიური პრობლემები
ფოთში გარემოსდაცვითი პრობლემები დაკავშირებულია თევზის გადამამუშავებელ კომპანიებთან რომელთა მეპატრონეები ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან. მათ 783, 100 ლარის პოლიტიკური შემოწირულება გაიღეს და ფინანსდებიან სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამიდან.
ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის და მისი ბიზნესპარტნიორის საეჭვო სქემები
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილმა ემზარ ივანიშვილმა და მისმა ბიზნესპარტნიორმა გრიგოლ ხურციძემ გამოიყენეს მათი კავშირები და გავლენა, რათა სამი სხვადასხვა სამშენებლო პროექტისთვის მიეღოთ საეჭვო ნებართვები.
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და კორუფციის ბრალდებები ლისის ტბასთან მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მაღალი თანამდებობის პირები (მაგ: კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა) და პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველი (შპს „ლისი ჰილსის“ მეწილე მიხეილ ჯაფარიძე) უპრობლემოდ იღებენ მშენებლობის ნებართვებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაშინ, როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ბიუროკრატიულ ბარიერებს აწყდებიან.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის სავარაუდო ჩარევა მიმდინარე გამოძიებაში
ჟურნალისტური გამოძიება გამოთქვამს ეჭვს, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ისკო დასენი იყენებს მის გავლენას, რათა შეაფერხოს პროკურატურაში შპს „ვიპ ტრეიდის“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება. შპს „ვიპ ტრეიდი“, რომელსაც მოქალაქეები ვალუტის კურსით ვაჭრობის თაღლითური სქემის განხორციელებაში ადანაშაულებენ, წარსულში ისკო დასენის ორ ვაჟს ეკუთვნოდა.
სავარაუდო კორუფცია რთველის სუბსიდირების სამთავრობო პროგრამაში
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ყურძნის სუბსიდირების სამთავრობო პროგრამაში ცვლილებები იქნა შეტანილი, იმისთვის, რომ მომხდარიყო პროგრამის მორგება მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიებისა და ბიძინა ივანიშვილთან (მისი ძმის, ალექსანდრე ივანიშვილისა და დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის, მეშვეობით) დაკავშირებული კომპანიების ინტერესებთან.