ხვალიდან 1-ლი ოქტომბრიდან, ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟების შესახებ ახალი რეგულაცია შედის ძალაში. ვის შეეძლება ამ მრიცხველებით სარგებლობა და რას ნიშნავს „ჭვიანი მრიცხველი“, ამასთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ისაუბრა.
გიორგი ფანგანის თქმით, პირველ ეტაპზე ახალი მრიცხველის დაყენების შესაძლებლობა ექნებათ ახალ აშენებულ სახლებში, რომლებიც 1-ლი ოქტომბრიდან შევლენ ექსპლუატაციაში.
,,ჭკვიანი მრიცხველები არის ერთი ნაბიჯი, მაგრამ დიდი ნახტომია ენერგეტიკაში. ჭკვიანი აღრიცხვის პირველი და მთავარი მახასიათებელი პოზიტიური მხარეა, რომ ძალიან ბევრს ფუნქციონარს ანაცვლებს. მაგალითად, წამკითხველს, გამომრთველს, ჩამრთველს და ა.შ. ყველა კომპანიაში ეს ფუნქციები დაყოფილია და წამკითხველს არ აქვს იმის უფლება, რომ მან მერე, გამორთოს ან ჩართოს მომხმარებელი. ენერგეტიკის კი, როგორც ერთ-ერთი კაპიტალტევადი დარგისთვის ჭკვიანი მრიცხველი არის ტექნიკურის გარდა ფინანსურად ძალიან მომგებიანი, რადგან ძალიან სერიოზულად შეამცირებს საოპერაციო ხარჯებს. აღარ იქნება საჭირო ასობით თანამშრომელი, რომელიც ამ ყველაფერს არც თუ დიდი წარმატებით აკეთებდნენ. ეს არის უზუსტესი მექანიზმი, რომელსაც აქვს შემდეგი ფუნქციები, არა მხოლოდ დისტანციურად მოგვაწოდოს ინფორმაცია, რამდენი კილოვატ საათი არის მოხმარებული, ასევე შეზღუდოს ელექტროენერგიის მიწოდება, ასევე ჩართოს და დაიტოვოს დანაკარგი. ასევე, ახალ სისტემაში იქნება სხვადასხვა ფასი დღისით და ღამით, ასევე საათობრივი. ამის აღრიცხვა ჩვეულებრივი მრიცხველით შეუძლებელია.
ხვალიდან, ყველა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ახალაშენებულია და შევა ექსპლუატაციაში, მიმართავს კომპანიას, რომ ქსელზე მიერთება სურს, აღჭურვილი იქნება ამ ახალი მრიხველებით. ძალიან მალე კი, ჩვენ წარმოვადგენთ გეგმას ვადებით და თარიღებით, თუ როგორ უნდა ჩანაცვლდეს ყველა მრიცხველი საქართველოში. რაც შეეხება ჩანაცვლების საფასურს, ამას სრულად კომპანია დაფარავს, როგორც სხვა ყველა გამანაწილებელი კომპანიის შემთხვევაში. მრიცხველის შეცვლა, შემოწმება და დამოწმება მათი ვალდებულებაა. დამერწმუნეთ, ძალიან ბევრჯერ შეცვლილა ისე მრიცხველები, რომ ამას მომხმარებელი ვერ გრძნობს“, - განაცხადა გიორგი ფანგანმა ,,საქმეში“.