პანდემიურ 2020 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 1 666-ჯერ აღემატებოდა, სექტორის მიერ ბიუჯეტში შეტანილ მოსაკრებელს. კერძოდ, გასულ წელს სექტორის ბრუნვამ 32.091 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ როცა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 19 261 560 ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ პანდემიურ 2020 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 114.3 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 28%-ს შეადგენს. ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგზე მოდის.
რაც შეეხება უკვე 2021 წლის მონაცემებს, სექტორის წლევანდელი ბრუნვის მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, გასული წლის იანვარ-აგვისტოში სექტორის მოსაკრებელი - 12 377 976 ლარი; ხოლო 2021 წლის 1-ელ 8 თვეში 34 033 035 ლარი შეადგინა.
ამასთან, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წელს აზარტულ ბიზნესში სულ 9 864 ადამიანი მუშაობდა, საშუალო ხელფასი 1 598 ლარს შეადგენდა. ამასთან, შარშან ამ სექტორში 30.2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.