ალ კაპონეს ნივთები აუქციონზე გაიყიდება

კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოში 1920-30-იანი წლების ცნობილი ამერიკელი განგსტერის, ალ კაპონეს ოჯახის კუთვნილ 174 ნივთს პარასკევს აუქციონზე გაიტანენ. მათში შედის როგორც კაპონეს პირადი ფოტოსურათები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯიბის საათი და სამკაულები, ისე მისი სახლის ავეჯი და სამზარეულოს ნივთები.

კაპონეს პლატინისა და ბრილიანტის ჯიბის საათი, Patek Philippe 25 000-დან 50 000 დოლარამდე, მისი საყვარელი პისტოლეტი, Colt.45 კი 100 000-დან 150 000 დოლარამდე არის შეფასებული. ნივთებს შორის არის, ასევე, ნახატი, რომელზეც ალი და მისი შვილი, სონი კაპონე არის დახატული. ნახატი 10 000-დან 15 000 დოლარამდე არის შეფასებული.

alkapone2-1633599293.jpg

77 წლის დაიან კაპონე სწორედ სონის ქალიშვილი და ალ კაპონეს შვილიშვილია, რომელიც მეორეა ოთხი შვილიშვილიდან. მან Reuters-ს განუცხადა, რომ ნივთების გაყიდვაზე გადაწყვეტილება მან და მისმა დებმა სიბერისა და ჩრდილო კალიფორნიაში ტყის ხანძრების საფრთხის გამო მიიღეს, რაც შესაძლოა, მათ სახლებსაც მოედოს და ნივთები გაანადგუროს.

Witherell’s Auction House-ის დირექტორი, ბრაიან უიტელერი აცხადებს, რომ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ს ყველა შტატიდან და 11 ქვეყნიდან, დაახლოებით, ათასი მონაწილე არის დარეგისტრირებული.

„განსაკუთრებულ ინტერესს განგსტერის ფიგურის სინონიმებად აღქმული ნივთები იწვევენ, როგორიც არის მისი იარაღი და მდიდრული სამკაულები,“ - ამბობს ბრაიან უიტელერი.

alkapone1-1633599285.jpg

თავად დაიან კაპონე იმედოვნებს, რომ გასაყიდი ნივთები ბაბუის ადამიანურ მხარეს გამოავლენს და არა იმ დაუნდობელი მოძალადის სახეს, რომელიც 1920-იანი წლების ჩიკაგოში განგსტერობდა. მისი თქმით, ბაბუის ადამიანურობის ნათელი დადასტურება არის შვილის, სონი კაპონესადმი ალკატრასის ციხიდან მიწერილი პირადი წერილი, რომელიც 25 000-დან 50 000 დოლარამდე არის შეფასებული.

„ეს მშვენიერი წერილია, რომელიც ამ ადამიანს ისეთი მხრიდან გაგვაცნობს, რაზეც ადამიანების უმრავლესობას წარმოდგენა არა აქვს. ეს დაუნდობელი განგსტერის კი არა, მოსიყვარულე მამის სიტყვებია,“ - აცხადებს დაიან კაპონე.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ