სურამში მოკლული ბიზნესმენის ოჯახმა სასტუმრო სრულიად ახალი  კონცეფციით მაინც ააშენა - როგორ გამოიყურება ობიექტი

სურამში მოკლული ბიზნესმენის ოჯახმა სასტუმრო სრულიად ახალი კონცეფციით უკვე ააშენა. საუბარია, პროექტ „სურამი პალასზე“, რომლის მშენებელობასაც ადგილობრივები იმ მოტივით აპროტესტებდნენ, რომ მათი ინფორმაციით, ინვესტორს ტყის გაჩეხვა სურდა. ამასთან, მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამბობდნენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და მშენებლობის დაწყება არ შეიძლება.

2018 წლის 29 მაისს სწორედ აღნიშული დაპირისპირება გახდა სასტუმროს ინვესტორის, ბიზნესმენი მამია ბითაძის მკვლელობის მიზეზი. მაშინ არსებული ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემის გარშემო კონფლიქტს უკავშირდებოდა, რომლის მოწყობა მშენებლობის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო.

მოგვიანებით, პროექტის განხორციელების უფლება მამია ბითაძის რძალს მიეცა. თუმცა, როგორც ჯულია ანტოლოგოვა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებდა, ადგილობრივების ნაწილმა საჩივრების წერა განაგრძო. მისი თქმით, სინამდვილეში საჩივრების ავტორი მოსახლეობის ის ნაწილი იყო, ვისაც საოჯახო ტიპის სასტუმროები აქვს. როგორც პროექტის ხელმძღვანელი ამბობდა, ისინი შიშობდნენ, რომ ახალი სასტუმრო დამსვენებლების რიცხვს შეუმცირებდათ.

ჯულია ანტოლოგოვას ინფორმაციით, გასულ წელს, სამხარაულის დასკვნაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროექტი განხორციელებულიყო, რადგან ობიექტის მშენებლობა საფრთხის შემცველი არ იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კოვიდპანდემიაა და ამასთან, წარსულის ამბებთან ასოციაცია აღარ ყოფილიყო, პროექტის კონცეფცია მთლიანად შეიცვალა და ახალი სახელწოდებით, რეგულაციებს მორგებული 5 კოტეჯი აშენდა.

„სასტუმრო გავხსენით 9 ივლისს. ძალიან კარგად იმუშავა ამ სეზონზე. გვქონდა სრული დატვირთვა, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის პირობებში ვიყავით და ბევრი შეზღუდვა, ამასთან, ნაკლები ტურისტი იყო ქვეყანაში. ამ დროისთვის, მართალია, აღარ არის ისეთი დატვირთვა, მაგრამ ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ჯავშნებზე. გვყავს როგორც ადგილობრივი ისე, უცხოელი ვიზიტორები. წელს ძირითადად იყვნენ, დანიიდან, ფინეთიდან, არაბეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან.

რაც შეეხება პროექტს, მთლიანად შევცვალეთ კონცეფცია. ეს პირველ რიგში პანდემიის პირობებმა გამოიწვია. გადავხედეთ ჩვენს ხედვას, ის კონკრეტული შენობა-ნაგებობა და ბევრ ადამიანის თავმოყრა აღარ იყო სასურველი. შევცვალეთ პროექტი, შევიტანეთ ახალი განაცხადი, ახალი ბიოლოგიური დასკვნით, რომელიც ისევ სამხარაულის ბიუროს მოვამზადებინეთ, რომ არ ყოფილიყო მოსახლეობასთან პრობლემები და დამატებითი კითხვები. პასუხი მივიღეთ 15 მარტს და იმ დღესვე დავიწყეთ მშენებლობა“,- აცხადებს ჯულია ანტილოგოვა.

მისი თქმით, ახალი პროექტი მოიცავს ხუთ სკანდინავიური ტიპის კოტეჯს, რომელიც ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი.

„ეს არის ეკოლოგიურად სუფთა პროექტი. 5 საცხოვრებელი დიდი კოტეჯი (80 კვ.მ), რომელშიც თავსდება 5 ადამიანი. კოტეჯის კონცეფცია არის სკანდინავიური ტიპის შალე, სამკუთხედი ფორმის. 2 იზოლირებული საძინებელი, სრულიად აღჭურვილი ყველაფრით. ტერიტორია არის დახურული, სადაც 2 აუზია. ეს არის თერმო საცურაო აუზი, რომელითაც სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ ამინდში, თოვლი იქნება, წვიმა, თუ მზე. შევცვალეთ სახელწოდებაც, რადგან აღარაფერი მინდოდა მქონოდა საერთო იმ პრობლემურ პერიოდთან. დღეს უკვე გვაქვს „პარკ ჰოტელ სურამი შალე“, რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ჩვენი დამსვენებლებისგან, იმის მიუხედავად, რომ ამხელა უკმაყოფილება გვქონდა ადგილობრივებთან“, - აცხადებს ჯულია ანტილოგოვა.

235999066-2851218591808108-5442903978953825510-n-1633611382.jpg

პროექტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სულ მალე „პარკ ჰოტელ სურამი შალეს" რესტორანი და ახალი სერვისები დაემატება. შესაბამისად, სასტუმროში დასაქმებულ 9 ადამიანს, კიდევ 8 დაემატება.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არანაირად არ ვებრძვით არც ბუნებას და არც ადგილობრივებს. არაფერი გაგვინადგურებია და გაგვიჩეხია. პირიქით, კვების ობიექტი არ გვქონდა და მიმდებარე ობიექტებში ვუშვებდით ხალხს. გარდა ამისა, დავასაქმეთ ხალხი და მე ვთვლი, რომ რეგიონი გამოვაცოცხლეთ“,- აღნიშნავს ჯულია ანტილოგოვა.

243036156-2886637794932854-2190535009689070139-n-1633611403.jpg

რაც შეეხება კოტეჯში დასვენების ღირებულებას, დღე-ღამის ფასი 400-600 ლარს შეადგენს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი 1,3 მლნ აშშ დოლარია.

235646238-2853898761540091-9142918205751034348-n-1633611424.jpg

217876222-2832759960320638-446849020042788715-n-1633611438.jpg

243017770-2886637831599517-7453830294452990231-n-1633611453.jpg

243519284-2886637764932857-6744914976392108126-n-1633611520.jpg241352793-2869511663312134-7450744613328066925-n-1633611489.jpg

243519791-2886638108266156-3760450572849026030-n-1633611551.jpg

235486757-2851218655141435-344064816324230214-n-1633611565.jpg

ნინი ქეთელაური