ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ, განსაკუთრებით აქტიური გახდა საკითხი, რამდენად უსაფრთხოა მრავალბინიანი სახლები საქართველოში. საკითხზე „ბიზნესპრესნიუსთან“ სამართლის დოქტორმა და სამშენებლო სამართლის ლექტორმა უჩა ზაქაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა კანონის ადმინისტრირებაა.
„ბათუმში, ამ ეტაპზე რაც ჩანს, პრობლემა იყო მზიდი კედლების მოშლა, რასაც ქართული კანონმდებლობა არეგულირებს. მეტიც, ამ მხრივ, კანონმდებლობა იდეალურია. პრობლემა როგორც წესი, აღსრულების ნაწილშია. ერთის მხრივ, არ ხდება სათანადო ადმინისტრირება და მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა კომპეტენცია და ცოდნა აქვთ ინსპექტორებს, რომლებიც ამოწმებენ. ეს არის საკმაოდ საეჭვო, რადგან მუნიციპალიტეტი მათ გადარჩევას არ ახდენს და არც არანაირი ზემოქმედების ბერკეტი არ არსებობს, მათი არაკვალიფიციურობის შემთხვევაში“, განაცხადა ზაქაშვილმა.
მისივე თქმით, არჩვენების წინ სხვადასხვა ხელისუფლების მიერ გამოცხადებულმა ამნისტიებმა წაახალისა უკანონო და საფრთხის შემცველი მშენებლობები.
,,რაც შეეხება მეორე ფაქტორს, უკანონო დაშენებას, ეს სამწუხაროდ მიღებულ პრაქტიკად იქცა მთელი ქვეყნის მასშტაბითაც. ეს საკითხი გამოიკვეთა ბათუმის ტრაგედიაშიც, მაგრამ ეს არის მასშტაბური პრობლემა. თბილისის შემთხვევაში რომ გითხრათ, 2014 წელს სახელმწიფომ ნება დართო კორპუსების ნაწილს ე.წ. სამერცხლურების დაშენების, თუმცა იქ მსუბუქი ნაგებობის ნაცვლად, მოსახლეობამ სრულმასშტაბიანი საცხოვრებელი ფართები მოაწყო კანონდარღვევით, მაგრამ 2015 წელს, სახელმწიფომ ამნისტია გამოაცხადა და ყველას დაუკანონა ეს ფართი. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. სინამდვილეში, ეს მაშინ განპირობებული იყო წინასაარჩევნო პროცესით. ისევე, როგორც ყველა უკანონო მშენებლობა 90 წლებიდან დღემდე, წახალისდა და ეპატიათ არჩევნების გამო და შედეგად მივიღეთ რეალობა, სადაც ზუსტი სტატისტიკაც კი არ არსებობს, რამდენი კორპუსია იმდენად ავარიული, რომ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამ მიზნით თბილისის მერიაში შექმნილი იყო სამსახური ,,თბილისის ლაბორატორია“, მაგრამ ესეც დაიხურა ისე რომ, ვერ გავიგეთ რა შედეგი დადო, ან რა შეისწავლა“ - განაცხადა ზაქაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.