ამერიკული საგადამხდელო სისტემა PayPal Holdings Inc ინტერნეტ-სერვისის Pinterest Inc-ის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები საწყის ეტაპზეა და შესაძლოა, ვერც გადავიდეს დასკვნით ფაზაში. საუბარია 45-მილიარდიან კონტრაქტზე.
Pinterest-ის შეძენა PayPal-ისთვის უდიდესი შენაძენი იქნებოდა - წერს The Wall Street Journal. ამ დროისთვის კომპანიისთვის უმსხვილესი შენაძენია Honey Science Corp-ი, რომელიც 2019 წელს 4 მილიარდ დოლარად იყიდა.
ონლაინ პლატფორმა Pinterest-ის მომხმარებლები აზიარებენ ფოტოებს, რეცეპტებს, ინტერიერის გაფორმების იდეებს და სხვა ინფორმაციებს. Pinterest-ის შეძენა PayPal-ის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ახალი შენაძენების გაკეთებაში, რაც გამოიწვევს ონლაინ გადახდების გაზრდას.
Pinterest-ი საფონდო ბირჟებზე 2019 წელს გავიდა და გასულ წელს მისი ფასიანი ქაღალდების ფასი არასტაბილური იყო. პანდემიის დროს მისი მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მიმდინარე წლის ივლისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ მომხმარებელთა საერთო რაოდენობამ 5%-ით იკლო.
PayPal-ის კლიენტების რაოდენობა კი 400 მილიონია და მისით სარგებლობა 200 ბაზარზეა შესაძლებელი. კომპანიის მეორე კვარტლის გადახდების მოცულობა მიმდინარე წელს 40%-ით არის გაზრდილი და 311 მილიარდ დოლარს შეადგენს.