აფხაზეთში ფაროსანას რაოდენობა იზრდება - დე ფაქტო მთავრობა სახსრებს ეძებს

აფხაზეთში ფაროსანა ხოჭოს რაოდენობის მატების გამო, დე ფაქტო მთავრობას მიმდინარე წლის სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნობრივ პროგრამაში ცვლილებების შეტანა მოუწია. კერძოდ, მცენარეული კულტურების განვითარების პროექტებისთვის პროგრამით გათვალისწინებული 30 მლნ რუბლიდან (423,682 დოლარიდან) ფაროსანას განადგურებაზე 7 მლრ რუბლი (98,858 დოლარი) დაიხარჯება. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

აფხაზებმა მავნებელთან ბრძოლის სამუშაოები 13 ოქტომბრიდან დაიწყეს. დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსექტიციდური პრეპარატებისა და ტექნიკის საწვავის სასწრაფოდ შესაძენად, ასევე, მექანიზატორებისთვის სამუშაო ანაზღაურების გადასახდელად თანხა სჭირდება.

ზოგადად, პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულების სასოფლო-სამეურნეო ბიზნესპროექტების განსახორციელებლად, 100 მლნ რუბლი (1,412,739 დოლარი) არის გამოყოფილი. თუმცა მიმდინარე შემოდგომაზე ექსპერტებმა სახიფათო მავნებლის, ფაროსანას ხოჭოს რაოდენობის მკვეთრი მატება დააფიქსირეს, ამიტომ გადაწყდა, რომ პროგრამის სახსრების ნაწილი მავნებელთან საბრძოლველად გამოიყენონ. შესაბამისი ცვლილებები დე ფაქტო მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

„დღეს ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოებს აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე ვატარებთ, მაგრამ საწვავს განვადებით ვიღებთ, მექანიზატორები კი კრედიტით მუშაობენ. ცვლილებების შემდეგ ჩვენ მათი სამუშაო ანაზღაურების გადახდას შევძლებთ, როცა ისინი შესრულებული სამუშაოს აქტებს ჩაგვაბარებენ,“ - აცხადებს დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბესლან ჯოპუა.

სპეციალურ ტექნიკასა და ინსექტიციდებს აფხაზები რუსებისგან ყიდულობენ.

ჯოპუამ, ასევე, განმარტა, რომ ახლა ფაროსანას ხოჭო გამოსაზამთრებლად ემზადება, ამიტომ მავნებელი მწერი მანამდე უნდა განადგურდეს. მისი თქმით, წლის ამ სეზონზე მწერებთან ბრძოლა მექანიკური შეგროვების მეთოდით არის ეფექტიანი, რამაც აფხაზეთში წინა წლებში კარგი შედეგი გამოიღო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ