2021 წლის მესამე კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მისო-ების წმინდა მოგებამ 78.7 მლნ ლარს გადააჭარბა. ეს თითქმის 20 მლნ ლარით მეტია წინა კვარტალთან შედარებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით კი 66 მლნ ლარით.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტალი სექტორმა 78 769 680 ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ კი 85 488 927 ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მისო-ების წმინდა მოგებამ 12 719 618 ლარი შეადგინა, დარეზერვებამდე წმინდა მოგება კი 69 417 846 ლარი იყო.
ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, 1.583 მლრდ ლარი იყო სექტორის აქტივები, მთლიანი კაპიტალი კი 560.1 მლნ ლარი.
დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის მე-3 კვარტალში მისო-ების საპროცენტო შემოსავალმა 236 869 207 ლარი შეადგინა, საიდანაც ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 212 281 775 ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 6 475 334 მლნ ლარი შეადგინა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში მისო-ების არასაპროცენტო შემოსავლებმა 38 639 512 ლარი შეადგინა, აქედან საკომისიო და გაწეული მომსახურებიდან 37 668 292 ლარი.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მესამე კვარტალში ბაზარზე 39 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა.